შეერთებულმა შტატებმა ირანს აცნობა, რომ ის დამასკოში ირანის სამხედრო მაღალჩინოსნებზე საჰაერო თავდასხმაში არ მონაწილეობდა. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პიერმა განაცხადა.
„ჩვენ ვაცნობეთ ირანს, რომ აშშ დამასკოში მომხდარ თავდასხმაში არ მონაწილეობდა. ჩვენ გავაფრთხილეთ ირანი, არ გამოიყენოს ეს დარტყმა რეგიონში ვითარების კიდევ უფრო მეტად ესკალაციის, ან აშშ-ს ობიექტებზე, ან პერსონალზე თავდასხმის საბაბად“, – განაცხადა კარინ ჟან-პიერმა.
ცნობისთვის, აპრილის დასაწყისში სირიის დედაქალაქ დამასკოში ირანის საკონსულოს დაბომბვის შედეგად შვიდი ირანელი სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის, ორი გენერალი დაიღუპა. ირანი პასუხისმგებლობას ისრაელს აკისრებს.
შეერთებული შტატები ირანის მხრიდან შესაძლო საპასუხო დარტყმების გამო მზადყოფნაშია და აშშ-ის ელჩები დაძაბულობის შესამცირებლად მუშაობენ.
„ცხადია, ჩვენ არ გვინდა ამ კონფლიქტის გავრცელება“, – თქვა ჟან-პიერმა.