ვის შეიძლება აძლევდეს ხელს ქართულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის დაპირისპირება, პროცესების როგორი განვითარებაა მოსალოდნელი და ვინ არის პასუხისმგებელი ვითარების შესაძლო გართულებაზე, ამ საკითხებზე “კვირის პალიტრას” მამუკა არეშიძე ესაუბრა:
– ძალიან ცუდია, რაც ახლა ხდება, ამის თქმის საფუძველს გამოცდილება მაძლევს. ჩვენ, უფროსმა თაობამ, უკვე დავუშვით ასეთი შეცდომა და ვიცი, რომ დაპირისპირება იმ შედეგს არასდროს არ მოგვცემს, რაზეც ორიენტირებული ვართ. ისიც ვიცი, რომ ეს ჩემი სიტყვები დარჩება “ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა”, იმიტომ, რომ საზოგადოება სხვა რამისთვის არის მზად. ორივე მხარე შეეცდება თავისი გაიტანოს.
– თქვენი აზრით, რატომ დააბრუნა “ქართულმა ოცნებამ” კანონპროექტი, რომელსაც შარშან დიდი მღელვარება მოჰყვა?
– ამას თავისი ობიექტური და სუბიექტური მიზეზები აქვს. ჩემთვის, როგორც უცხოეთიდან, ახლო აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან მოსალოდნელ საფრთხეებზე გათვითცნობიერებული ადამიანისთვის, ასეთი ტიპის კანონი აუცილებელიც არის, ვინაიდან საქართველოში არაერთი ორგანიზაცია და სტრუქტურა მუშაობს ამა თუ იმ ქვეყნის ან პოლიტიკური ძალების გავლენის გაძლიერებაზე. ამას ახერხებს კიდეც სხვადასხვა ფორმით – იქნება ეს ჩვენი ახალგაზრდების სასწავლებლად წაყვანა, ბიზნესტრუქტურის შექმნა თუ კიდევ სხვა. როგორც წესი, ასეთი ძალები მუშაობენ კულტურული ორგანიზაციების, ასევე საზოგადოებრივი და არასამთავრობო ორგანიზაციების საფარქვეშ. სხვათა შორის, ეფექტურადაც. ზოგიერთ რაიონში რა მდგომარეობაც არის, ამის შესახებ “კვირის პალიტრაში” არაერთხელ დაწერილა…
– ასეთი საფრთხეების პრევენციასა და აღმოფხვრაზე, ალბათ, უსაფრთხოების სამსახური უნდა მუშაობდეს.
– რასაკვირველია, თუმცა საზოგადოების ინფორმირებაც ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა ვიცოდეთ, ვისი მუშაობაა სახიფათო ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე. ხაზს ვუსვამ, აღმოსავლეთიდან, კერძოდ, აზიიდან მომდინარე საფრთხეებს ვგულისხმობ.
– როგორ წარმოგიდგენიათ, რატომ კეთდება აქცენტი დასავლეთიდან მომდინარე შესაძლო საფრთხეებზე, როდესაც ზემოთ აღნიშნულ კანონპროექტს განიხილავენ?
– საკითხავიც სწორედ ეს არის. ჩემი სუბიექტური მოსაზრებით, ოპოზიცია ხელოვნურად აპელირებს მხოლოდ დასავლეთზე. ობიექტური თვალსაზრისით, ხელისუფლება მიიჩნევს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გამოყოფილი თანხები დანიშნულებისამებრ არ იხარჯება და პოლიტიკურ პარტიებში მიდის. გარდა ამისა, დასავლეთშიც მუშაობენ ორგანიზაციები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას საფრთხეს უქმნიან. ამის მაგალითად გამოდგება ორგანიზაცია, რომლის სათავო ოფისი ჰოლანდიაში იყო და რომელიც ეკოლოგიაზე მომუშავე ქართულ ორგანიზაციას აფინანსებდა. ის რუსული ფულით მუშაობდა. ერთი შეხედვით, ძალიან სოლიდური ორგანიზაცია იყო, 30-წლიანი სამუშაო სტაჟით, უბრალოდ, კონკრეტულ პროექტებს “გაზპრომი” აფინანსებდა. “გაზპრომის” ფული იხარჯებოდა იმისთვის, რომ საქართველოში ენერგეტიკული პროექტები არ განვითარებულიყო. ამიტომ ყველაფრის ერთ ქვაბში მოხარშვა არ შეიძლება. ჩვენ არ უნდა დავუშვათ საზოგადოებრივი დაპირისპირება. ამის თავიდან ასაცილებლად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, თორემ, სიმართლე რომ ვთქვათ, ასეთი კანონები საჭიროა. დიახ, უმჯობესი იქნებოდა ამ კანონის ფორმა და ზოგიერთი მუხლი უფრო მოქნილი ყოფილიყო. კანონპროექტი უნდა დაიხვეწოს და საზოგადოების უფრო დიდი ნაწილისთვის გახდეს მისაღები.
– როგორ გგონიათ, რატომ დაერქვა კანონს რუსული?
– ეს პოლიტიკური თამაშის წესების შედეგად მოხდა. ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანია, რომ კანონს რუსული დარქმეოდა, ასე უფრო ადვილია ხალხის გაბრაზება. ხომ ნახეთ, თვეების განმავლობაში ვერ ახსნეს, რატომ არიან კანონის წინააღმდეგი.
– ამბობენ, რომ ეს კანონი პირდაპირ ზღუდავს მედიის თავისუფლებასა და არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას.
– მე წავიკითხე კანონპროექტი და ასეთი განცდა არ დამრჩენია. ამიხსნას ვინმემ, როგორ ზღუდავს?
– რეგიონული მედია, ძირითადად, დასავლური გრანტებით მუშაობს. ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც, მაგალითად, ზრუნავს შშმ პირების საჭიროებებზე, თუ მიიღებს ფულს დასავლეთიდან, ის უცხოური გავლენის მქონე ორგანიზაციად ჩაითვლება.
– სწორედ ასეთი საკითხები ვიგულისხმე, როდესაც ვთქვი, რომ კანონი უფრო მოქნილი უნდა იყოს. კი, რეგიონული მედიის დიდი ნაწილი ჩამოკიდებულია დონორების დაფინანსებაზე და მათ პრობლემები არა, მაგრამ უხერხულობა შეექმნებათ კანონის დასათაურებიდან გამომდინარე. არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეეშალოს ხელი არც რეგიონული მედიის მუშაობას და არც საზოგადოებრივი ცხოვრების გაუმჯობესებას, უბრალოდ, გამჭვირვალე უნდა იყოს, რაში იხარჯება ფული. ისე კი, “უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშია”. ავიღოთ შშმ პირთა დახმარებები. ძალიან კარგია, მაგრამ ეს დახმარება ეძლევა ქვეყანას, საქართველოს. დახმარებას რომ გაძლევენ, თან გეუბნებიან, მომისმინე და დამიჯერეო. მაინცდამაინც შშმ პირებზე კი არა მაქვს ლაპარაკი, ზოგადად დახმარებას ვგულისხმობ. სხვათა შორის, მართლებიც არიან. ლოგიკურია, ვიღაცას რომ ეხმარები, გინდა იმან ანგარიში გაგიწიოს. უანგაროდ დახმარება გამიგია ერთხელ ან ორჯერ, მუდმივად უანგაროდ არავინ დაგეხმარება. ამიტომ ასეთი ტიპის დახმარებები რომ არ დაგჭირდეს, შენი სახელმწიფო თავად უნდა ააშენო, სულ სხვას არ უნდა უყურო ხელებში. ჯოხს ორი ბოლო აქვს. ვითარება რთულია, არსებობენ ძალები დასავლეთშიც, სამხრეთშიც და, რაღა თქმა უნდა, ჩრდილოეთშიც. ისინი ერთ თეთრსაც არ დახარჯავენ საქმეში, თუ საკუთარ ინტერესებს არ ჩადებენ. ამიტომ კანონი აუცილებელია, მაგრამ იმდაგვარად უნდა იყოს შედგენილი, რომ უფლებები არ შეზღუდოს და ამა თუ იმ საჭიროებების მქონე პირებს პრობლემები არ შეუქმნას. რა თქმა უნდა, არიან ორგანიზაციები, რომლებიც ძალიან კარგ საქმეს აკეთებენ, მაგრამ არიან ორგანიზაციები, რომლებიც კეთილშობილურ მიზნებს ამოფარებულები, კაცმა არ იცის, რას აკეთებენ.
– არის თუ არა “ქართული ოცნება” ახლა ჩიხში?
– ვერ გეტყვით, რომ ასეა. გასულ წელს საზოგადოება დაბნეული იყო, წელს მომზადებულია როგორც ოპოზიციის, ასევე ხელისუფლების მომხრე ელექტორატი.
– კი, მაგრამ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ძალიან მწვავე კრიტიკული განცხადებებით მოგვმართავენ. რჩება განცდა, რომ უკვე სასწორის ორ სხვადასხვა პინაზე დევს კანონი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” და ევროინტეგრაცია.
– ანალოგიურად ძალიან კრიტიკულ და მკაცრ განცხადებებს აკეთებდნენ დასავლელი პარტნიორები მანამდეც, ვიდრე კანდიდატის სტატუსს მოგვცემდნენ. ძალიან ბევრი მაშინაც შიშობდა, ესენი ისე ლანძღავენ დასავლელ პარტნიორებს და იქიდანაც ისეთი კრიტიკული მესიჯები მოდის, კანდიდატის სტატუსს ნამდვილად არ მოგვცემენო, მაგრამ მოგვცეს. მე მაშინაც ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ – საქართველოს გაწევრება ამა თუ იმ ორგანიზაციაში დამოკიდებულია არა მხოლოდ ჩვენს ნაბიჯებზე, არამედ პოლიტიკურ კონიუნქტურაზე. თუმცა, რა თქმა უნდა, უმჯობესია საერთაშორისო ასპარეზზე გადადგმული ნაბიჯები იყოს სწორი და თანამიმდევრული.
– ერთია დასავლელი პოლიტიკოსების რეაქცია და პოლიტიკური ინტერესები, მეორე ქართველი საზოგადოება. თავადვე თქვით, რომ წელს ოპოზიციისა და ხელისუფლების მხარდამჭერებიც უკეთ არიან მომზადებული. ეტყობა, რომ უკან დახევას არც ერთი არ აპირებს. რა მოხდება, თუ ორივე მხარე საკუთარი პოზიციის ბოლომდე გატანას გადაწყვეტს და ვის დაეკისრება ამაზე პასუხისმგებლობა?
– ორივეს – ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც. ეს ის ვითარება არ არის, როდესაც მხოლოდ ხელისუფლებაა რაიმეში დამნაშავე. მთლიანი პოლიტიკური სპექტრი იქცევა ცუდად, არ სურთ ერთმანეთთან ლაპარაკი და საგნობრივ მსჯელობაში მონაწილეობა. არ არის აუცილებელი საჯაროდ ილაპარაკონ, შეიძლება ყველაფერზე პარლამენტის კედლებს მიღმა შეთანხმდნენ და საზოგადოებამ მერე გაიგოს.
– თქვენ და ასევე სხვა ანალიტიკოსებიც ამბობდნენ, რომ წინასაარჩევნოდ საქართველოში რუსული სპეცსამსახურები გააქტიურდებოდნენ და საზოგადოებრივი ჯგუფების დაპირისპირებას შეეცდებოდნენ. ის, რაც ახლა ხდება, ვის აძლევს ხელს და ხედავთ თუ არა ამაში რუსულ კვალს?
– საქართველოში რუსულ კვალს მე სულ ვხედავ. ამ კონკრეტულ შემთხვევას რაც შეეხება, ვერაფერს გეტყვით, მაგრამ რუსეთი ამ მოცემულობას ხელიდან არ გაუშვებდა, ცხადია. ყველამ ვიცით, რომ მოსკოვი თავისი გავლენის საცეცებს აქ ყოველთვის იყენებს. ალბათ, იცით, უცხოურ გავლენებთან დაკავშირებული კანონი აფხაზებსაც უნდა მიაღებინონ. ის საერთოდ კატასტროფაა. აფხაზეთშიც დიდი ჭიდაობაა ამ კანონის გამო, ოღონდ ის მართლა რუსულია, სიტყვასიტყვით აქვთ გადმოწერილი. ამით იმის თქმა მინდა, რომ აფხაზეთის ამბავში ყველაფერი ცხადია, აქ კი არა, იმიტომ, რომ საქართველოში “ქართული ოცნების” მიერ წარმოდგენილი კანონის გასვლა რუსებს ხეირს არ აძლევს. ერთადერთი, რაც რუსეთისთვის სასარგებლო და სასურველი შეიძლება მოხდეს, არის საზოგადოებრივი ჯგუფების დაპირისპირება და ქაოსი. ამიტომ ვამბობ როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის გასაგონად, არ დაუშვათ ეს!
– თუ ეს კანონი დღეს არსებული შინაარსით გავიდა, შეექმნება თუ არა დემოკრატიის განვითარებას საფრთხე?
– სიმართლე ვთქვათ, დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების ხარისხი საქართველოში შეუდარებლად დიდია, ვიდრე რომელიმე ჩვენს მეზობელ ქვეყანაში. უფრო მეტიც, პოსტსაბჭოთა სივრციდან არც ერთ ქვეყანაში, ბალტიისპირეთის გარდა, არ არის დემოკრატიის ასეთი ხარისხი. ვერც ამ კანონის მიღების შემთხვევაში ვხედავ საფრთხეს დემოკრატიისთვის.
– ალტერნატიული კანონპროექტი დააინიცირეს გახარიას პარტიამ და თეონა აქუბარდიამ.
– პირდაპირ გეტყვით, სისულელეა, ასეთი რამ არსად გამიგონია, კანონში კონკრეტული ქვეყანა ჩაწერეს და საფრთხედ დაასახელეს. თუ დემოკრატიის ხარისხზე გვაქვს პრეტენზია, ასეთ რამეს არ უნდა ვაკეთებდეთ.
– არც იმ შემთხვევაში, თუ ის ქვეყანა ჩვენს მიმართ მტრულად არის განწყობილი?
– რუსეთი რომ მტრულად არის განწყობილი, აქსიომაა და ყველამ ვიცით. დიახ, რუსეთის მიზანია პოლიტიკური გავლენის გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში და კონკრეტულად საქართველოში. თუ გგონიათ რუსეთს სხვა მეზობლები ჩამორჩებიან ამ სურვილში, ძალიან ცდებით. მე ამ ქვეყნებს არ დავასახელებ, მაგრამ თქვენი გაზეთი ერთ-ერთი მათგანის გავლენის გაძლიერებაზე ხშირად წერს. რუსები ტანკებით დარბიან, სხვები იდეოლოგიით და ფულით აკეთებენ იმავეს.
ხათუნა ბახტურიძე