ხელს ვართმევ პაატა აბულაძეს; რუსოფობია და რასიზმი “ცივილიზებული სამყაროს” პროდუქტია, რომელიც უნდა გავანადგუროთ!

უკიდურესი ნაციონალიზმი, ფაშიზმი, რასიზმი – ის კატეგორიებია, რომლებიც დასავლეთიდან გავრცელდა დანარჩენ მსოფლიოში. საბჭოთა კავშირის ხალხებმა, დროებით მოკავშირე ინგლის-ამერიკასთან ერთად, გაანადგურეს გერმანული ფაშიზმი და რასისტული იაპონური მილიტარიზმი, მაგრამ არა ფაშიზმი და რასიზმი, როგორც მოვლენა.

საბჭოთა კავშირმა მოახერხა ამ პრობლემის ზედაპირული მოგვარება და ინტერნაციონალიზმის პოზიციებზე იდგა. კოლონიალური დასავლეთი კი აშკარა, ღია რასიზმიდან შეფარულზე გადავიდა. რასიზმის პოლიტიკური სახე – ფაშიზმი კი, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ახალი ძალით აფეთქდა ევროპაში. რაც დრო გადიოდა, მით უარესი – ფაშიზმმა ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების საკმაო ნაწილი მოიცვა.

ამ “სიკეთეებს” დაემატა აღვირახსნილი რუსოფობია ანუ რუსების და რუსეთის სიძულვილი, რაც ფაშიზმისა და რასიზმის ნაირსახეობაა. უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო ქმედებები რუსოფობიის მიზეზი არ არის, მხოლოდ საბაბია. თანაც, რუსოფობია მანამდეც ჰყვაოდა, განსაკუთრებით, მიშისტურ საქართველოში.

ქოცურ საქართველოში მიშისტების იდეოლოგია და ფაშიზმი, როგორც მოვლენა, ოდნავადაც არ შეზღუდულა. მეტიც, რუსეთისა და რუსების ლანძღვა-გინებაში ქოცები ტოლს არ უდებენ ნაცებს. დღესდღეობით ეს უბედურება კიდევ უფრო მკაფიოდ გამოიკვეთა. “რუსო, რუსო!” – ლანძღვის მიზნით ასე ეძახიან ერთმანეთს ნაცები და ქოცები; ადრე თუ მაინც “რუსეთუმე”, “პრორუსული” და “რუსოფილი” ჰქონდათ სალანძღავ სიტყვებად არჩეული, ახლა პირდაპირ ეროვნებაზე აქვთ იერიში მიტანილი.

მათ არ აინტერესებს, რომ ცოტა, მაგრამ მაინც ცხოვრობს საქართველოში რუსი ეროვნების საქართველოს მოქალაქე, აქ დაბადებული და გაზრდილი, წესიერი პატრიოტი ადამიანები. თუმცა სულ რომ არც ერთი რუსი ეროვნების საქართველოს მოქალაქე არ გვყავდეს, რუსის, როგორც ერის ლანძღვა, ყველაზე უფრო მდაბიური ფაშიზმის გამოვლინებაა. თუმცა, ვინაიდან ევროპა-ამერიკას ამაზე “მწვანე შუქი” აქვს ანთებული, ვაი-ქართველი მდაბიოები დაუსჯელად განაგრძობენ თავიანთ ბინძურ რიტორიკას.

აქვე აღვნიშნავ, რომ რუსოფობიას ემატება რასისტული მონღოლოფობია – როდესაც რუსების გალანძღვა უნდათ, ჩვენი “მაღალი რასის” თარაქამა ტომების ნათესლარი ვაი-ქართველები რუსებს უწოდებენ “მონღოლებს”. მონღოლებს, რომლებმაც ცოტნე დადიანის ვაჟკაცობა დააფასეს და, დიდწილად, ცუდად არ ეხებოდნენ ჩვენს სარწმუნოებასა და ეროვნებას…

ძალიან მომეწონა ბატონი პაატა აბულაძის პრინციპული მიმართვა ქოცი რუსოფობებისადმი, რომელიც მეგობარმა გამომიგზავნა. ხელს ვართმევ ბატონ პაატას და მადლობასაც ვუხდი ამ პოზიციისთვის. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ რომელი პარტიის თუ პოლიტიკოსის მხარდამჭერები ვართ, ყველანი უნდა ვიყოთ ერთიანი ფაშიზმის წინააღმდეგ, რომელსაც რუსოფობიაც განეკუთვნება. გავანადგუროთ “ცივილიზებული სამყაროს” ეს პროდუქტი, რომელიც საქართველოს სასიკეთოდ არ შემოგვიგდეს!

 

გულბაათ რცხილაძე

პაატა აბულაძის ვიდეო იხილეთ ქვევით: