ასე თუ გააგრძელა, ხვიჩა კვარაცხელია საგარეო საქმეთა მინისტრიც გახდება

თუკი კალაძე თბილისის მერად დანიშნეს თუ უალტერნატივოდ აირჩიეს (მელია და გუშინ პოლიციის მიერ გალახული “კოდალა” ალტერნატივად არ ითვლებიან), რატომ არ შეიძლება, კვარაცხელია საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნოს?

დააკვირდით, რაოდენ ნატიფია ამ ახალგაზრდა სპორტსმენის დიპლომატია, დღევანდელი მინისტრი დარჩიაშვილი ახლოც ვერ მივა!

აი რა თქვა ხვიჩამ, ანუ დაწერა სოციალურ ქსელში:

„საქართველოს გზა ევროპაშია. ევროპული გზა გვაერთიანებს! წინ ევროპისკენ! მშვიდობა საქართველოს“, – წერს ის.

ეს პოსტი დროში ემთხვევა ე.წ. აგენტების კანონის განხილვას, რომლის მიღებასაც საქართველოს მოქალაქეები აპროტესტებენ და მას რუსულ კანონს უწოდებენ.

დააკვირდით, რამხელა სინატიფეა ჩადებული, ფუტბალისტების ნაკრების კაპიტნის სიტყვებში.

პირველი – ნაცური ნარატივი: “საქართველოს გზა ევროპაშია, წინ ევროპისკენ”.

მეორე – ქოცური ნარატივი: “მშვიდობა საქართველოს”.

გენიალურია – არც მწვადი დაწვა, არც შამფური. განსხვავებით საქართველოს მთავრობისგან და მათი არაფორმალური ლიდერისგან, რომლებმაც, როგორც ჩანს, მწვადიც დაწვეს და შამფურიც!

ასე განაგრძე, “კვარა”! შენი საქმე ფეხბურთია, მაგრამ გითრევენ პოლიტიკაში!

 

გოჩა არაცხელია