„განგაში”, “მოიტაცეს თამარ ქალი”, „არასერიოზული კაცი” და სხვა ფილმების მთავარი როლის შემსრულებელი გია ფერაძეა. ამ „არასერიოზულ კაცს“ მეტად სერიოზული და ტრაგიკული ცხოვრება ჰქონდა.
იგი უბედური შემთხვევის მსხვერპლია, რადგან მეუღლე „მოკლა“….
„თუ ჩემ ცხოვრებას წიგნად აკინძავ, დაარქვი იმას „სევდის კრებული“ – ეს თხოვნა ციხეში ყოფნისას გაუმჟღავნებია ძმისთვის…
და მართლაც მისი ცხოვრება, რომელზეც გიამბობთ, მართლაც „სევდის კრებული“ და უიღბლობაა…
ბიოგრაფია
დაიბადა 19 აპრილს, 1948 წელს.
გია ფერაძემ 1970 წელს შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი დაამთავრა.
სხვადასხვა დროს მუშაობდა: რუსთავის და სოხუმის ქართულ თეატრებში, მათ შორის, კინოსტუდია „ლენფილმში”, ხოლო 1974 წლიდან იყო შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი.
ტრაგედია
მოულოდნელი და დაუჯერებელი ამბავი, რომელიც მეხის გასროლასავით გაისმა და მთლიანად თბილისი მოიცვა.
1985 წლის 19 მარტი…
ისინი ჯერ კიდევ წინა დღით, 18 მარტს გუდაურიდან თბილისში უზომოდ ბედნიერები და დაღლილები დაბრუნდნენ…
მეორე დღეს კი მათ თავს დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი ქალაქი შეძრა…
დაზუსტებით არავინ იცის რა მოხდა…. როგორც ამბობენ ყველასათვის საყვარელი მსახიობი, კაცი რომლის სახემაც მხოლოდ ღიმილი იცოდა, გია ფერაძე, შინ დაახლოებით, ღამის სამ საათზე მივიდა…
გიას ამის გამო მეუღლე, ცნობილი მხატვრისა და მოქანდაკის შვილი ირინა მიქატაძე განაწყენებია…
შემდეგ მოხდა ის, რომ გიას მინიატურული, კალმის ფორმის იარაღიდან გასროლილმა ხუთ მილიმეტრიანმა ტყვიამ 26 წლის ირინა მიქატაძის გულის აორტაში გაიარა და მოკლა.
არავინ იცოდა, რა ეთქვა…
მომხდარს ზოგი ეჭვიანობას უკავშირებდა, ზოგი იარაღთან გაუფრთხილებელ მოპყრობას… ერთი რამ, რაშიც ყველა თანხმდებოდა იყო ის, რომ მსახიობს ცოლი უზომოდ უყვარდა და სასიკვდილოდ ვერასდროს გაიმეტებდა.
ამ ტრაგედიის დროს გიასა და ირინა მიქატაძის ქალიშვილი მარიკა 11 თვის იყო…
ბაბუამ ჯუნა მიქატაძემ და მისმა ბებიამ მარიკა საყვარელიძემ ის შვილივით გაზარდეს. მარიკა 6 წლის ყოფილა, როდესაც ეს ფაქტი გაუგია.
ერთი ნაბიჯი დიდი მსახიობობიდან დიდ პატიმრობამდე
37 წლის გია ფერაძე დააპატიმრეს… მას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
გიამ 2 წელი მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გაატარა. 5 წელი კი ციმბირში და იაკუტსკში.
პატიმრობის ყოველი წამი ტანჯვად ქცეულიყო უბედური კაცისთვის… მოგონებები და სინანული გულსა და სულს უკაწავდა… აღარ იცოდა სად წაეღო ყელში მობჯენილი დარდი….
როგორც ამბობენ გია ფერაძემ წერა დაიწყო…. 30-მდე რვეული გაივსო ლექსებით…
* * *
გაღიმებაც ვერ მოსაწრო, ტკივილისგან ვერც იყვირა,
როგორც თოვლი შემომადნა ხელში ჩემი ციცქნა ირა,
ჩემთვის უნდა დაიწყევლოს აღდგომა და ყველა კვირა,
მე მიწაში უნდა ვეგდო, შენ ცოცხლობდე ჩემო ირა.
ჩემზე კარგად არვინ იცის ჩემი თავის განაჩენი,
მთავარია ჩემში ცხოვრობ სხვა ჯანდაბას დანარჩენი,
მთავარია, შენზე დარდში ვილევი და ნელა ვქრები
და რაც უფრო ვიტანჯები უფრო მეტად მენატრები.
ამ საკანში ერთადა ვართ მე და სევდიანი ლანდი,
რისთვის შემიყვარე კარგო მე თუ სიკვდილს მოგიტანდი.
მალე შენსკენ მქროლავ ქარებს, სულს გავატან ჩემო ირა,
ჩვენი სიყვარულის გემი, კლდეს შეასკდა ჩაიძირა.
ტუსაღი ვარ სულში ყინავს, შენს საფლავზე ვარდი ხარობს,
ჩემო ამომშრალო ცრემლო, ჩემო ამომშრალო წყარო.
ვინ გამიგებს, ვის შევჩივლო? ამ კედლებს თუ რკინის კარებს?!
შენთან წერილს გავატანდი, რომ მოსჩაანდეს ცაზე მთვარე.
ნუ შეგაკრთობს მარტოობა შენთან მოვალ, მოვალ მალე!
გია ფერაძე
თავისუფლება
ციხიდან 1993 წელს, 45 წლის ასაკში გამოვიდა ტუბერკულოზით დაავადებული.
გათავისუფლებიდან 2 წლის შემდეგ, 1995 წლის 20 დეკემბერს, 47 წლის გიას გალოთებულმა და უიმედო გულმა სამუდამოდ შეწყვიტა ფეთქვა…
მარიკუნას, რომელსაც იმ დროისთვის უკვე 13 წელი შერულებოდა, არასოდეს უნახავს მამა… ბებია და ბაბუა ცდილობდნენ არ შეეხვედრებინათ ისინი…
ინტერვიუ გია ფერაძის ძმასთან, ილია ფერაძესთან:
– ჩემს ძმას თვითნაკეთი იარაღით უცაბედი გასროლით ცოლი შემოაკვდა. ამისთვის ძალიან მძიმე სასჯელი მიუსაჯეს, მიუხედავად იმისა, რომ ტუბერკულოზით დაავადდა, ყველაზე მკაცრ ზონებში გზავნიდნენ. ყველგან ვაკითხავდი წამლებისა და იმედის ჩასატანად. გია ყველას უყვარდა. ჩემი ძმა მაშინ, ფაქტობრივად, ლექსების წერამ გადაარჩინა. პირველ წლებში პრაქტიკულად არ ეძინა და მთელი ღამე მძინარე პატიმრებით სავსე კამერაში წერდა. მე ჩამქონდა რვეულები და კალმისტრები, იქიდან კი მომქონდა ლექსებით სავსე რვეულები.
– როგორც ამბობენ, ამ ქორწინებამდე მას კიდევ ორი ქორწინება ჰქონია.
– სამი ქორწინებიდან სამი შვილი დარჩა. დღეს უკვე ბევრი იცნობს მის მეოთხე შვილს, აგრეთვე გია ფერაძეს, რომელიც მოსკოვში ნიკიტა მიხალკოვის თეატრის მსახიობია. რუსთაველის თეატრს ხანგრძლივი გასტროლი ჰქონდა ციმბირში, იქაურ ერთ მომხიბლავ პოეტესას გია შეუყვარდა, რომელსაც ამ დიდი სიყვარულის ნიშნად შვილი გაუჩენია.
როდესაც გიას ეს უბედურება დაატყდა თავს, იმ ქალმა მხოლოდ მაშინ გამოგვიგზავნა თავისი შვილის ფოტო, რომელიც გიას ბავშვობის ასლი იყო. მერე მე ჩავიყვანე პატარა გია მამასთან კოლონიაში. 2011 წელს გია და დედამისი უკვე თბილისში ჩამოვიყვანე და ბიჭი და-ძმებს შევახვედრე.
შვილის გარდაცვალება
2023 წელს გია ფერაძის და ირინა მიქატაძის ქალიშვილი 39 წლის მარიკუნა მიქატაძე გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, მარიკუნა საბერძნეთში იმყოფებოდა და იქ გარდაიცვალა. მარიკუნას ერთი შვილი ჰყავდა.
გია ფერაძემ შვილს მარიკუნას ლექსი მიუძღვნა:
წყარო: digest.ge