მათთვის საქართველოში, ვინც ტრამპის იმედზეა

შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბოლო დროს შეცვალა ის ნეგატიური დამოკიდებულება, რომელსაც აქამდე უკრაინის დახმარების შესახებ გამოხატავდა. ეს ცვლილება მოხდა მაშინ, როდესაც უკრაინის დახმარების ბლოკადამ კონგრესში რღვევა დაიწყო. ეს მოსაზრება გაზეთმა The New York Times გამოთქვა.

„ბატონმა ტრამპმა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ფაქტობრივად შეამცირა უკრაინის დახმარებისადმი წინააღმდეგობის გაწევა იმ დროს, როცა შესაბამისი კანონპროექტის ბლოკადის გარღვევა დაიწყო“, – წერენ გამოცემის დამკვირვებლები. ტრამპმა მხარი დაუჭირა პალატის სპიკერს მაიკ ჯონსონს და „ჩრდილში დარჩა“ კენჭისყრის დღეს, 20 აპრილს, რითაც „უარი თქვა რესპუბლიკელებზე ზეწოლის მოხდენაზე, რათა მათ ხმა მისცენ კანონპროექტს“, – აღნიშნავენ ავტორები.

ამავდროულად, ტრამპმა სოციალურ ქსელში მესიჯიც გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ „უკრაინის გადარჩენა და ძლიერება მნიშვნელოვანია“ შეერთებული შტატებისთვის და დაინტერესდა, რატომ არ აძლევენ ევროპული ქვეყნები კიევს მეტ ფულს.

ტრამპის პრიორიტეტების ასეთი სწრაფი ცვალებადობა ახალი ამბავი არ არის და, იმ ფონზე, როდესაც პროკურატურისა და სასამართლო სისტემის მეშვეობით, აშშ ექს-პრეზიდენტის გაკოტრებას ცდილობენ მისი მოწინააღმდეგეები, არც ისე მოულოდნელი უნდა იყოს.

უყრაინისადმი დახმარების ბლოკირების მოხსნა მისი მხრიდან მაშინ, როდესაც ბაიდენის ადმინისტრაციამ ეს დახმარება ისრაელის დახმარების პაკეტს მიაბა, მრავლისმეტყველია. კერძოდ, ტრამპიც ისევე მოძრაობს გლობალიზმის კალაპოტში, როგორც მისი ოპონენტები. ტრამპის პერიოდულ იზოლაციონისტურ ფლუქტუაციებს შედეგი აქამდე არ მოუტანია, მათ შორის მაშინაც, როდესაც იგი თავად იყო პრეზიდენტი.

ტრამპის იმედი საქართველოში ბევრს აქვს. იმედი იმ გაგებით, რომ ტრამპი შეცვლის აშშ-ის გლობალისტურ პოლიტიკას და შეეშვება როგორც უკრაინას, ისე საქართველოს. ანუ ნაკლები ჩარევა იქნება ჩვენს საშინაო საქმეებში, ნაკლებად იქნება თავსმოხვევა დასავლური ანტიფასეულობებისა.

მაგრამ, ჩვენ ყოველთვის ვწერდით, რომ ტრამპის იმედი არ შეიძლება გვქონდეს არც ერთი მიმართულებით. ჯერ ერთი, თავისი პრეზიდენტობის დროს (2017-2021), საქართველოში აშშ-ის პოლიტიკა წინა პერიოდებთან შედარებით არ შეცვლილა. გაგრძელდა ანტიქართული სულისკვეთების ორგანიზაციებისა და მასმედიის დაფინანსება, საქართველოს რუსეთთან დაპირისპირების გაღვივება და ყველა სხვა “სიკეთე”. ტრამპის დროს მოხდა “გავრილოვის ღამე” და კინაღამ თავზე ჩამოგვექცა ყველაფერი. უკრაინაში ზელენსკისგან “გამოძერწეს” პრეზიდენტი, აგრესიული მიზნებით – მათ შორის, საქართველოსთან მიმართებით.

აი ასეთი პოლიტიკოსის იმედად მაინც ბევრი ადამიანია. ტყუილად როდი თქვა რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა, რომ მას აშშ-ის ხელისუფლებაში ისევ ბაიდენი ურჩევნია, ვიდრე ტრამპი. მაგრამ ტრამპი იმ შემთხვევაში უფრო ხელსაყრელია რუსეთისთვისაც და ჩვენთვისაც (ისევე როგორც დანარჩენი მსოფლიოსთვის, რომელსაც აშშ-ის დიქტატის მიღება არ სურს), თუკი იგი თავად ამერიკის შიგნით გააღვივებს კონფრონტაციას, თავისი ამბიციების გამო არევს ვითარებას. ამ შემთხვევაში, იგი მართლაც შეუცვლელი სიკეთე იქნება მსოფლიოსთვის.