დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი პოლონეთს ეწვია, რათა უკრაინის ისტორიაში ყველაზე დიდი სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ გამოაცხადოს. დახმარება მოიცავს ნავებს, შორი მანძილის Storm Shadow-ის ტიპის რაკეტებს, საბრძოლო მასალასა და ჯავშანტექნიკას. ინფორმაციას უკრაინული მედია დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სამხედრო მხარდაჭერის პაკეტი 500 მილიონი ფუნტის ოდენობის დამატებით სამხედრო დაფინანსებას, 400-ზე მეტ მანქანას, 60 ნავს, 1 600-ზე მეტ საბრძოლო მასალასა და 4 მილიონ ვაზნას აერთიანებს.
როგორც მთავრობის განცხადებაშია აღნიშნული, ბრიტანეთის პრემიერი პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკსთან და ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთად ევროპის უსაფრთხოებისა და უკრაინის მხარდაჭერის შესახებ მოლაპარაკებებს გამართავს.
„უკრაინის დაცვა რუსეთის სასტიკი ამბიციებისგან ჩვენი უსაფრთხოებისთვის და მთელი ევროპისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თუ პუტინს მიეცემა საშუალება, ამ აგრესიულ ომში წარმატებას მიაღწიოს, ის პოლონეთის საზღვართან არ გაჩერდება.
უკრაინის შეიარაღებული ძალები გაბედულად აგრძელებენ ბრძოლას, მაგრამ მათ ჩვენი მხარდაჭერა სწორედ ახლა სჭირდებათ. დღევანდელი პაკეტი დაეხმარება უკრაინას, ჰქონდეს ის, რაც სჭირდება, რათა რუსეთთან ბრძოლა გააგრძელოს.
500 მილიონი ფუნტის ოდენობის დამატებითი დაფინანსება გამოყენებული იქნება საბრძოლო მასალის, საჰაერო თავდაცვის საშუალებების, დრონებისა და საინჟინრო დახმარების სწრაფად მიწოდებისთვის.
გაერთიანებული სამეფო ევროპის უსაფრთხოებისთვის თავის მოწინავე როლს ყოველთვის შეასრულებს, დაიცავს ეროვნულ ინტერესებს და იდგება ნატოს მოკავშირეების გვერდით“, – აღნიშნულია მთავრობის განცხადებაში.