„არა შავ ფულს, კი – გამჭვირვალობას, ჭეშმარიტ ევროპულ გზას, დამოუკიდებელ და სუვერენულ საქართველოს!” – ქოცების აქციის ლოზუნგი ორშაბათს. არეულობის საფრთხე არსებობს თუ არა?

„ქართული ოცნება” პარლამენტის წინ შეკრებისთვის ემზადება, პარალელურად კი კვლავ უწყვეტია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მოწინააღმდეგეთა აქციები. ჯერჯერობით უცნობია, ვიხილავთ თუ არა ორ პარალელურ აქციას 29 აპრილს, თუმცა, როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, თუ კანონის მოწინააღმდგეები ორშაბათსაც გამოვიდნენ და აქციები ახლო ლოკაციებზე ჩატარდა, პროვოკაციები და დაპირისპირებები მოსალოდნელია.

აქვე აღსანიშნავია, რომ 29 აპრილსვე საკანონმდებლო ორგანო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავს.

„ქართული ოცნების” შეკრების სლოგანი კომედიურად ჟღერს – „არა შავ ფულს, კი – გამჭვირვალობას, ჭეშმარიტ ევროპულ გზას, დამოუკიდებელ და სუვერენულ საქართველოს!”. 

მაგრამ საკომედიო რეალობა არაა.  შსს-მ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ „ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა” და გზის გადაკეტვის საჭიროება აღარ დგას, რის გამოც, გომელაურის უწყება ორგანიზატორებსა და აქციის მონაწილეებს აფრთხილებს, დაემორჩილონ კანონის მოთხოვნებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, „სამართალდამცავი უწყების მხრიდან მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება”.

შეფასებები

რასაც ბოლო პერიოდში ვხედავთ, არის „ნაციონალური მოძრაობისა” და ოპოზიციის მხრიდან სიძულვილის კულტივირება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, 29 აპრილს დაანონსებული შეკრება ემსახურება იმას, რომ ყველას დაანახოს, სად დგას რეალურად ქართველი ხალხი.

„ხდება სიძულვილის კულტივირება სახელმწიფოს, პოლიციის მიმართ. ყველაფერი ქართულის მიმართ სიძულვილის გამოწვევა, რასაც რადიკალური ოპოზიცია იწვევს. 29 აპრილს დაანონსებული სახალხო შეკრება ემსახურება სწორედ იმას, რომ გამოვიდეს ქართველი ხალხი, დადგეს და გააგონოს ყველას ქვეყნის შიგნით და გარეთ, თუ სად დგას ქართველი ხალხი.

„ჩვენ ვდგავართ როგორც ევროპელი ხალხი, ვდგავართ ჩვენი ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე, ის, რა მცდელობაც არის დღეს, რომ გააჩუმონ დისკუსია, ჩვენ გვთხოვონ მორჩილება, გვითხრან , რომ სინამდვილეში უმეცრებაში არის ძალა და მორჩილება არის თავისუფლება. ასე შებრუნება რომ ხდება ღირებულებების, ამას უნდა გასცეს ქართველმა ხალხმა პასუხი”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი განმარტებით, ევროპულ ღირებულებებზე საუბრობს ის ხალხი, რომელსაც კრიმინალთან აქვს კავშირი.

„გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, გვეუბნებიან, რომ დავემორჩილოთ რაღაც აზრებს, დოგმებს და მითითებებს. საუბრობენ, თითქოს რაღაც ევროპულ ღირებულებებს არ შეესაბამება. ამაზე საუბრობს ის ხალხი, ვინც კრიმინალთან ერთად ბრიფინგებს ატარებს და რომელიც კრიმინალის გათავისუფლებას ითხოვს. სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან. რომელი ევროპული ღირებულება დგას ამ მოთხოვნის უკან? ჩვენ უპირველეს ყოვლისამ, ქართველ ხალხს ვესაუბრებით და ქართველ ხალხს წარმოვადგენთ”,-განაცხადა პაპუაშვილმა.

„სტრატეგია-აღმაშენებლის” წევრი დეპუტატის, პაატა მანჯგალაძის შეფასებით, “ქართული ოცნების” მიერ 29 აპრილს შეკრების დაანონსება, გაკოტრებული ხელისუფლების მცდელობაა, ყველას დაანახოს, რომ მათ ინიციატივას ქვეყანაში ბევრი მხარდამჭერი ჰყავს. მანჯგალაძე ფიქრობს, რომ ეს იქნება „მიკროავტობუსების აქცია”, რადგან აქციაზე უფრო მეტი მიკროავტობუსი იქნება, ვიდრე ადამიანი.

„ეს არის გაკოტრებული ხელისუფლების მცდელობა, ქვეყნის გარეთ თუ შიგნით, მსოფლიოს აჩვენოს, რომ ბევრი მხარდამჭერი იცავს მათ ინიციატივებს. თავისით მოსულები არიან ის ახალგაზრდები, რომლებიც 9 დღეა უკვე ქუჩაში არიან გამოსულები, დანარჩენები ჩამოვლენ მიკროავტობუსები რაიონებიდან. „ქართულ ოცნებას” ფული აქვს და ილუზიას ქმნიან, რომ დიდი რამე ხდება. საჯარო მოხელეები, რომ ჩამოდიან ხელფასზე დამოკიდებულები, რას ითხოვენ რომ „რუსული კანონი” მიიღეთო? უბრალოდ სამსახურის დაკარგვის ეშინიათ.

„აბა რუსული კანონის მიღება თუ მინდა, პროტესტს ვაპირებ და რად მინდა მიკროავტობუსების დაქირავება? რაიონში მიკროავტობუსი აღარ არსებობს, რომელიც გაქირავებული არ არის უკვე. მაგას დავარქმევ „მიკროავტობუსების აქციას”, რადგან აქციაზე უფრო მეტი მიკროავტობუსი იქნება, ვიდრე ადამიანი”,-განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

მოსალოდნელია თუ არა დაპირისპირება პარალელური აქციების ფონზე

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ თუ 29 აპრილს კანონის მოწინააღმდგეებიც გამოვიდნენ და აქციები ახლო ლოკაციებზე ჩატარდა, პროვოკაციები და დაპირისპირებები მოსალოდნელია.

მისი თქმით, „ოცნების” მხრიდან მიმდინარე აქციების პარალელურად დიდი შეკრების დაანონსება ნიშნავს, რომ დაძაბულობის შემოტანა სურს საზოგადოებაში.

„ქართული ოცნება” აშკარად ცდილობს დაძაბულობა და დაპირისპირება შემოიტანოს. პოლარიზაცია მათი იარაღია, რომ დაძაბულობით თავი გაიტანონ. შეიძლება “ოცნებას” იმედი აქვს, რომ 29 აპრილს კანონის მოწინააღმდეგეებიც გამოვლენ, შეხლა-შემოხლა, ადგილზე დაპირისპირება იქნება. შემდეგ მწირი სპეცრაზმი, რომლებიც დიდი რაოდენობის ადამიანებს ვერ დაარბევენ, მაგრამ ხალხს გააშველებენ და მერე იტყვიან, რომ აი, ჩვენ ქვეყნის შიგნით მშვიდობა დავამყარეთო.

„ის საცოდავები, ვინც რეგიონებიდან ჩამოჰყავთ, ძირითადად საკრებულოებში მუშაობენ, ხელფასებზე სხედან და დიდხანს ვერ იქნებიან. ჩამოიყვანენ, საჭმელს აჭმევენ, 20-30 ლარს ჩაუჯიბავენ და უკან წავლენ. ეს “ოცნების” სამარცხვინო პოლიტიკაა, რადგან ამისთვის ღარიბ ხალხს იყენებენ, რომლებიც მოტივირებულები არ არიან, მათ ის აინტერესებთ ხელფასი აიღონ. ეს არა მათი, არამედ „ოცნების” ბრალია, რომ სიღარიბის კულტივაციას ახდენს, მას ღარიბი ხალხი სჭირდება. ახლა ვნახავთ როგორ იყენებს ამ სიღარიბეს”,- განაცხადა კონფლიქტოლოგმა.

ზაქარეიშვილი ამბობს, რომ კანონის მოწინააღმდეგეებმა მასიმალურად თავიდან უნდა აირიდონ დაპირისპირება და თუ 29 აპრილს მათაც დაგეგმეს აქცია, ჩაატარონ მოშორებით, რათა ადგილი არ ჰქონდეს პროვოკაციებს და დაპირისპირებებს.

„ახალგაზრდების მოქნილობით და მოტივაციით აღტაცებული ვარ, რომ ევროპულ საქართველოზე ფიქრობენ. ამ ფონზე ძნელია რამე შესთავაზო, მაგრამ კარგი იქნება თუ 29 აპრილს ამ დაპირისპირებას გამორიცხავენ. „ქართული ოცნების” მიერ შეკრებილი ხალხი დიდხანს ვერ იქნება და თუ ამ დღით დაპირისპირება არ იქნება, ეს „ოცნების” მარცხი და ფიასკო იქნება, რადგან საზოგადოებაში დაპირისპირება არ გამოუვა.

„თუ 29 აპრილს ამ ხალხს დაუთმობენ, პრობლემა არაა და დანარჩენი დღეები ისევ კანონის მოწინააღმდეგე მომიტინგეებისაა. კარგი იქნება თუ კანონის მოწინააღმდეგეების მხრიდან ეს თავიდან იქნება აცილებული.

„ოცნების” აქციაზე რეგიონებიდან ჩამოყვანილი ხალხის გარდა, ასევე იქნებიან სპორტსმენები, რომლებიც ოცნების მხარეს არიან, ასევე, „ალტინფოს” ხალხი, გაფანტულები იქნებიან ულტრამემარჯვენეები, რომლებმაც ცოტა ხნის წინ ჟურნალისტი მოკლეს. იქნებიან პროვოკატორები, რომლებიც კანონის მოწინააღმდეგე მომიტინგეების დარბევას მოინდომებენ, კარგი იქნება თუ ეს ესკალაცია იქნება აცილებული.

„თუ ოცნების მომხრეები რუსთაველზე იდგებიან, კანონის მოწინააღმდეგეები მაგალითად იყვნენ იპოდრომზე. რაოდენობით აჩვენონ თუ რამდენი იქნებიან, ოღონდ შორს უნდა იყვნენ რომ პროვოკატორები “ქართული ოცნებიდან” თავს არ დაესხნენ. რაკი „ოცნების” იმედი არ მაქვს, კანონის მოწინააღმდეგე ახალგაზრდებთან ერთადერთი თხოვნა მაქვს, რომ შეხლა-შემოხლა არ დაუშვან”,- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან”.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან” აღნიშნავს, რომ პარალელური აქციების პირობებში, დაპირისპირების საფრთხე იზრდება, რადგან „დესტრუქციული ნაცოპოზიციისგან ყველაფერია მოსალოდნელი”.

„როცა „ნაცმოძრაობა” საჯარო სივრცეშია, იქ ყოველთვის დაპირისპირება, დესტრუქცია და ბოროტების გაღვივებაა. რასაკვირველია, 29 აპრილის მიტინგი უნდა ჩატარდეს, რადგან „ქართული ოცნების” ელექტორატი საქართველოში ძალიან ბევრია. იმაზე ბევრი, ვიდრე ამას სოციალური კვლევები ამბობენ.

„მმართველ პარტიას მხარს იმის გამო უჭერენ, რომ დესტრუქციული ნაცოპოზიციისგან განსხვავებით, მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების ურყევი კურსი აქვს. დესტრუქციულ ოპოზიციას კი უნდა ყველაფრის დანგრევა, ჩამოშლა, საჯარო კომენტარებსაც რომ შევხედოთ, „ქართული ოცნების” მომხრეებს და ხელისუფლების წარმომადგენლებს ღიად და მოურიდებლად ემუქრებიან, რაც წარმოუდგენელია. მუქარა და შუღლის გაღვივება კატეგორიულად მიუღებელია.

„ამ რადიკალებს ხალხმა ძალა უნდა დაანახოს, რომ ეს ქვეყანა მარტო მათ ჭკუაზე არ დადის, ვერც ივლის და საქართველო მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას გააგრძელებს.

„მათგან ყველანაირი პროვოკაცია მოსალოდნელია და რაიმე პროვოკაცია გასაკვირი ნამდვილად არ იქნება, თუმცა ფართო საზოგადოების შეგნება უფრო მაღლა დგას, ვიდრე ცალკეული ხულიგნები და კრიმინალები ნაცოპოზიციური ველიდან”,-განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან”.

წყარო: “რეზოსნანსი”