თეთრი სახლი გამოეხმაურა რუსეთის ვეტოს, რომელიც მან კოსმოსში ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას დაადო.
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ შემოთავაზებული რეზოლუცია ყველა წევრ სახელმწიფოს მოუწოდებს, კოსმოსში ბირთვული იარაღი არ განათავსონ.
„დღეს რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, რომელიც შეერთებულმა შტატებმა და ჩინეთმა ერთობლივად წარადგინეს, ვეტო დაადო. რეზოლუცია კიდევ ერთხელ დაადასტურებდა კოსმოსური სივრცის ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოების ფუნდამენტურ ვალდებულებას, არ განათავსონ ბირთვული იარაღი დედამიწის გარშემო ორბიტაზე, ასევე, არ განავითარონ ისეთი ბირთვული იარაღი, რომელიც სპეციალურად ორბიტაზე განთავსებისთვის იქნება შექმნილი“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
ჯეის სალივანის თქმით, მონაწილე სახელმწიფოს მიერ ბირთვული იარაღის ორბიტაზე განთავსება არა მხოლოდ დაარღვევს კოსმოსის ხელშეკრულებას, არამედ საფრთხეს შეუქმნის სასიცოცხლო მნიშვნელობის საკომუნიკაციო, სამეცნიერო, მეტეოროლოგიური, სასოფლო-სამეურნეო, კომერციული და ეროვნული უსაფრთხოების სამსახურებს, რომლებსაც ყველა თანამგზავრი საზოგადოებას მთელს მსოფლიოში აწვდის.
მისივე თქმით, შეერთებულ შტატებს აქვს ინფორმაცია, რომ რუსეთი ავითარებს ახალ სატელიტს, რომელსაც ბირთვული იარაღის გადატანა შეუძლია.
„ჩვენ მოვისმინეთ პრეზიდენტ პუტინის საჯარო განცხადება, რომ რუსეთს ბირთვული იარაღის კოსმოსში განთავსების განზრახვა არ აქვს. ასე რომ ყოფილიყო, რუსეთი ამ რეზოლუციას ვეტოს არ დაადებდა“, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.