რუსეთში ქალაქ სიკტივკარის სასამართლომ დაუსწრებლად დააპატიმრა მსოფლიოს მე-13 ჩემპიონი ჭადრაკში გარი კასპაროვი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გენადი გუდკოვი, ასევე ოპოზიციონერები ევგენია ჩირიკოვა და ივან ტიუტრინი. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.
ამ ადამიანებს სასამართლო ტერორისტული საზოგადოების შექმნაში, მის ხელმძღვანელობაში, დაფინანსებაში და საჯარო გამართლებაში სდებს ბრალს.
ოთხივე პოლიტიკოსი რუსეთის ფარგლებს გარეთ იმყოფება. მათ მიმდინარე წლის თებერვალში ვილნიუსში „თავისუფალი რუსეთის“ ფორუმში მიიღეს მონაწილეობა. ეს მოძრაობა გარი კასპაროვმა და ივან ტიუტრინმა 2016 წელს შექმნეს.
2024 წლის მარტში ეს პოლიტიკოსები ტერორისტების და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს. ასევე ისინი უცხოელი აგენტების სტატუსს ატარებენ. „თავისუფალი რუსეთის ფორუმი“ რუსეთის ფედერაციის გენერალურმა პროკურატურამ არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადა.