პალესტნის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი და საერთაშორისო მაღალჩინოსნები ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე მოლაპარაკებებს ერ-რიადში მიმდინარე კვირას გამართავენ. მოლაპარაკებები მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის შეხვედრის პარალელურად გაიმართება.
ამის შესახებ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტმა, ბორგე ბრენდემ განაცხადა.
„ერ-რიადში გვყავს საკვანძო მოთამაშეები და ვიმედოვნებთ, რომ დისკუსიებმა შესაძლოა, შერიგებისა და მშვიდობის პროცესამდე მიგვიყვანოს“, – განაცხადა ბრენდემ ერ-რიადში გამართულ პრესკონფერენციაზე.
შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, ასევე რეგიონული ლიდერები, მათ შორის, კატარის პრემიერ-მინისტრი, საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ომანის ტახტის მემკვიდრე პრინცი და ბაჰრენის ხელისუფლების მაღალჩინოსნები.
ბრენდეს თქმით, ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრაში მონაწილეებს ისრაელში, 26 აპრილს ეგვიპტელი მომლაპარაკებელების მიერ გამართული შეხვედრების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.