ევროკავშირის ზოგიერთ სახელმწიფოში მედიის თავისუფლება კრიტიკულ ნიშნულს უახლოვდება

ევროკავშირის ზოგიერთ სახელმწიფოში მედიის თავისუფლება კრიტიკულ ნიშნულს უახლოვდება, – ამის შესახებ „გარდიანი“ წერს. ბრიტანული გამოცემის ცნობით, ასეთ დასკვნას აქვეყნებს ორგანიზაცია „სამოქალაქო თავისუფლებების ევროპული კავშირი“, რომლის ოფისიც ბერლინში მდებარეობს.

როგორც აღნიშნული ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი, ევროკავშირის ქვეყნებში გახშირებულია ჟურნალისტების მიმართ მუქარა და თავდასხმები საზოგადოებრივი მაუწყებლების დამოუკიდებლობაზე.

როგორც „გარდიანი“ წერს, „სამოქალაქო თავისუფლებების ევროპული კავშირის“ ანგარიში 19 ქვეყანაში მოქმედი 37 უფლებადამცველი ორგანიზაციის მონაწილეობითაა შედგენილი.

ორგანიზაციის წარმომადგენლები „გარდიანთან“ ინტერვიუში აცხადებენ, რომ ევროკავშირში მედიის თავისუფლების კუთხით სტაბილური უკუსვლა შეინიშნება, რაც, მათივე შეფასებით, წევრი ქვეყნების მთავრობების მიერ წინასწარი განზრახვით გადადგმული ზიანის მომტანი ნაბიჯებით ან უგულებელყოფით არის გამოწვეული.

„უკუსვლას მედიათავისუფლების კუთხით თან სდევს კანონის უზენაესობის უკუსვლაც. მათ შორის არსებობს ახლო კორელაცია. ეს არის ავტორიტარული რეჟიმების სცენარი“, – აცხადებენ „სამოქალაქო თავისუფლებების ევროპული კავშირის“ წარმომადგენლები.

მათივე თქმით, მდგომარეობის გამოსწორების პოტენციალი აქვს ევროკავშირში ახალ კანონმდებლობას, თუ ის სათანადოდ იქნება გატარებული.

„სამოქალაქო თავისუფლებების ევროპული კავშირის“ ანგარიშის მიხედვით, ევროკავშირის ქვეყნების მედიაგარემოს მთავარ პრობლემებად დასახელებულია მედიასაშუალებების რამდენიმე ადამიანის მფლობელობაში კონცენტრაცია, რაც მედიამრავალფეროვნებას უქმნის საფრთხეს და ზრდის მიკერძოებულობის რისკს. ანგარიშის ავტორთა თქმით, აღნიშნული პრობლემა აქვს ხორვატიას, საფრანგეთს, უნგრეთს, პოლონეთს, ნიდერლანდებსა და სლოვაკეთს.

ამავე ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს ჟურნალისტების მიმართ ფიზიკური თავდასხმების შემთხვევებს ჰქონდა ადგილი ხორვატიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, საბერძნეთსა და იტალიაში, ხოლო უნგრეთსა და სლოვაკეთში რეპორტიორებს არჩეული პოლიტიკოსები ემუქრებოდნენ.

დოკუმენტის მიხედვით, რუმინეთსა და შვედეთში პოლიციამ ჟურნალისტებზე თავდასხმები სათანადოდ ვერ გამოიძია, რაც, ანგარიშის ავტორთა შეფასებით, რესურსის სიმწირეს ან ნების არარსებობას უკავშირდებოდა. ბულგარეთსა და საფრანგეთში კი ჟურნალისტებს თავს პოლიციელები ესხმოდნენ. გერმანიაში, ნიდერლანდებში, საბერძნეთსა და პოლონეთში დაფიქსირდა ჟურნალისტების ფარული მიყურადებისა და თვალთვალის შემთხვევებიც.