ქართული ოცნების“ მიერ პარლამენტთან დაანონსებულ შეკრებას მოქალაქეები რეგიონებიდანაც შეუერთდებიან. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, მამუკა წოწერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თბილისში დაგეგმილ შეკრებას ზუგდიდიდან ხუთიათასამდე ადამიანი შეუერთდება.
„ამ ადამიანთა დიდი ნაწილი თვითორგანიზებით შეიკრიბა. მათ მიმართ არანაირი ზეწოლა არ ყოფილა“, – განაცხადა მამუკა წოწერიამ.
მისივე თქმით, შეკრებაზე დასწრების სურვილი უფრო მეტ ადამიანს ჰქონდა, თუმცა ლოგისტიკური პრობლემების გამო, ყველას წასვლა ვერ მოხერხდა.
თბილისში დაგეგმილ შეკრებას მოქალაქეები სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტიდან შეუერთდებიან.
პარლამენტთან „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ საყოველთაო-სახალხო შეკრებას ფოთიდანაც უერთდებიან. მიკროავტობუსებითა და მსუბუქი მანქანებით აქციის მონაწილეები 11:00 საათზე დაიძრნენ. მათი თქმით, აქციაში მონაწილეობის მიზანია ეროვნული, ტრადიციული ღირებულებების დაცვა და ხელისუფლების მხარდაჭერა.
„არის სპეკულირება, თითქოს ვიღაცები ძალით მიჰყავთ დღევანდელ აქციაზე, მაგრამ ამის დამტკიცება მარტივია ოქტომბერში. რაც შეეხება მიზანს, ყველა ვთანხმდებით, რომ გვინდა ევროპა, მაგრამ, პირველ რიგში, ევროპა გვინდა ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის, ჩვენი მიზნების, ქართული მიზნების მისაღწევად. ამისთვის საჭიროა, გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მივიღოთ და ვერცერთი სხვა ქვეყნის წარმომადგენელი ვერ განსაზღვრავს, მაგალითად, უკეთესად როგორ შევინარჩუნოთ მშვიდობა, როგორ დავიცვათ ოჯახის ღირებულებები, ჩვენი რწმენა, ტრდიციები. ჩვენ ვამბობთ – ღირსებით ევროპისკენ“, – განაცხადა ფოთის მერმა, ბექა ვაჭარაძემ.