შოლცის უარი უკრაინისთვის Taurus-ის რაკეტების მიწოდებაზე სულ უფრო გაუგებარია – მიუნხენის კონფერენციის ხელმძღვანელი

მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა უკრაინას ATACMS-ის რაკეტები გადასცა, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარემ კრისტოფ ჰეუსგენმა გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს მოუწოდა, გადახედოს თავის გადაწყვეტილებას კიევისთვის Taurus-ის რაკეტების მიწოდებაზე უარის თქმის შესახებ. ამის შესახებ მან RND-ს განუცხადა, წერს European Pravda.

როგორც ჰეუსგენმა აღნიშნა, ახლა უკვე ნათელია, რომ ATACMS-ის რაკეტებმა ბრძოლის ველზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია.

„ამ კონტექსტში კანცლერის გადაწყვეტილება, არ მიაწოდოს Taurus-ის რაკეტები უკრაინას, სულ უფრო გაუგებარი ხდება”, – განაცხადა მან.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ხელმძღვანელის თქმით, Taurus-ის რაკეტების გამოსაყენებლად უკრაინელი ჯარისკაცების გაწვრთნა დიდი ხნის წინ უნდა დაწყებულიყო, შემდეგ კი მისი მიწოდება და განლაგება გერმანელი ჯარისკაცების ჩართვის გარეშე უნდა განხორციელებულიყო.

მან ევროპელები გააფრთხილა, რომ არ უნდა იყვნენ უმოქმედოდ, არამედ უკრაინის გრძელვადიანი მხარდაჭერისთვის უნდა მოემზადონ.

„მხოლოდ მაშინ, როცა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დარწმუნდება, რომ ამ ომში ვერ გაიმარჯვებს, ის დაიწყებს მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობის შესახებ“, – თქვა ჰეუსგენმა.

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი უკრაინისთვის Taurus-ის მიწოდებაზე უარს ამბობს, რათა რუსეთის აგრესიულ ომში გერმანიის ჩართვა თავიდან აიცილოს.