“ნაცმოძრაობის” ინფორმაციით, ლევან ხაბეიშვილი ნაცემია და ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი – დეტალები

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სასტიკად არის ნაცემი. შესაბამის ინფორმაციას თავად პარტია ავრცელებს.

“ნაციონალური მოძრაობა” ხაბეიშვილის ფოტოსაც აქვეყნებს, რომელშიც ჩანს, რომ მას თავის არეში მრავლობითი დაზიანებები აქვს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიაში განუცხადეს, ხაბეიშვილი ინგოროყვას სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ლევან ხაბეიშვილს დაზიანებები სახის არეში აქვს მიყენებული.

ინგოროყვას სახელობის კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა პროფესორმა კახა ჭელიძემ, ლევან ხაბეიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ისაუბრა:

“ჩვენი მხრიდან მკაცრი რეკომენდაციაა სტაციონარში დარჩენის თაობაზე, თუმცა თვითონ სრულიად განსხვავებული მოსაზრება აქვს ამაზე, ფიქრობს ჯერჯერობით, გადაწყვეტილება ამ წუთისთვის მისი მხრიდან არ არის მიღებული, თუმცა ჩვენგან არის მკაცრი რეკომენდაცია ჰოსპიტალიზაციის.

ვიზუალურად, მე მგონი, მთელმა საქართველომ ნახა, რა ტიპის დაზიანებაც აქვს, ამიტომ ამის აღწერას აზრი არ აქვს. თვალის მთლიანობა დარღვეული არ გახლავთ, თუმცა აუცილებლად საჭიროებს ოფთალმოლოგის კონსულტაციის, მაგრამ პირველი რიგის ამოცანა არის ძვლების მთლიანობის აღდგენა. ყველა ტექნოლოგიურად მაღალი ტიპის გამოკვლევები ჩატარებული გახლავთ დროულად. მხედველობა შენარჩუნებული აქვს,” – განაცხადა კახა ჭელიძემ.