„არაობიექტური შეფასებები ახალისებს ძალადობას“ – საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხი საფრანგეთის საგარეო უწყებას

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ „საფრანგეთი შეშფოთებით ადევნებს თვალს საქართველოში ვითარებას, გმობს ძალადობას და მოუწოდებს ხელისუფლებას, დაიცვას მშვიდობიანი პროტესტის უფლება“.

როგორც საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში ვკითხულობთ, აღნიშნული შეფასებები მოკლებულია ობიექტურობას, რაც იწვევს ძალადობის წახალისებას.

„მივესალმებით, რომ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდებით. თუმცა ვწუხვართ, რომ თქვენი განცხადება მოკლებულია ობიექტურობას.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თავი შეიკავა საფრანგეთის მიმართ კრიტიკული განცხადებისგან მაშინაც კი, როდესაც პარიზში სამართალდამცავები მომიტინგეებს ბრუტალური, ადამიანის უფლებების საყოველთაო სტანდარტებთან სრულიად შეუსაბამო მეთოდებით დაუპირისპირდნენ.

არაობიექტური შეფასებები ახალისებს ძალადობას, რომელიც, როგორც უკვე აღინიშნა, პოლიტიკურ ოპოზიციასთან დაკავშირებული და საზღვარგარეთიდან დაფინანსებული ძალადობრივი ჯგუფების მიერ ხორციელდება“, – ნათქვამია განცხადებაში.