ისრაელის თავდაცვის ძალები ადასტურებს, რომ 401-ე ჯავშანსატანკო ბრიგადამ დღეს დილით ღაზას მხრიდან რაფაჰის სასაზღვრო გამშვები პუნქტი დაიკავა.
ამავე ცნობით, სასაზღვრო გამშვები პუნქტი, რომელიც ღაზას სექტორსა და ეგვიპტეს ერთმანეთთან აკავშირებს, ამჟამად მოწყვეტილია აღმოსავლეთ რაფაჰში მდებარე სალაჰ ა-დინის გზიდან, რომელიც ისრაელელმა სამხედროებმა წუხელ განხორციელებული შეტევის დროს დაიკავეს.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ღამის ოპერაციაში დაახლოებით 20 შეიარაღებული ადამიანი დაიღუპა და ჯარებმა აღმოაჩინეს სამი მნიშვნელოვანი გვირაბის შახტი.
ასევე, შეტევის დროს გაანადგურეს ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული მანქანა, რომელიც ისრაელის თავდაცვის ძალების ტანკისკენ მოძრაობდა.
ამავდროულად, სამხედროების ცნობით, რაფაჰში „ჰამასის“ 50-ზე მეტ ობიექტს ღამით საჰაერო ძალებმა დაარტყეს.