რატი იონათამიშვილმა ოპოზიციას მიმართა

ოპოზიცია, რომელიც აქციებზე ბუჩქებში იმალება, ცხადია, პროვოკაციებით არის წარმოდგენილი. ამიტომ, არ უნდა ავყვეთ მათ ამ პროვოკაციებში, ეს არის მათი უღირსი დღის წესრიგი, რაც ჩვენ არ უნდა გავიმეოროთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეს პოლიტიკური უმცირესობა, რომელიც ბოლომდე არის განადგურებული და დისკრედიტებული, ვერასდროს შეძლებს თავისი მზაკვრული გეგმების განხორციელებას.

„ისიც ფაქტია, რომ ეს ადამიანები რაც თვითონ არიან, იმას ეძახიან და აბრალებენ სხვას, მაგრამ ყველამ კარგად იცოდეთ, რომ არასდროს, არავის გაპატიებთ არც რუსის, არც მოღალატის დაძახებას, რადგან თქვენ ჩვენზე მეტად ევროპელები ვერ იქნებით, რადგან ჩვენზე მეტად ქართველები არ ხართ, თქვენ არასდროს მდგარხართ საქართველოს მხარეს, ყოველთვის იდექით ღალატის, უღმერთოების, სიძულვილის, ფარისევლობის, აგრესიის, კასრებისა და უჩა აბაშიძის მორალის მხარეს.

9 მაისს მოხდა ამ აქციების ერთ-ერთი ლიდერის და იდეოლოგის, უჩა აბაშიძის დაკავება, რომელზეც გამოენთო მთელი რადიკალური ოპოზიცია მის დასაცავად და რა სიტყვებს აღარ ამბობდნენ. ერთ-ერთი, რაც განსაკუთრებით დამამახსოვრდა, ამ აქციების ერთმა ლიდერმა და იდეოლოგმა თქვა, გამორჩეულად სუფთა მორალის ადამიანებს აკავებენო. შემდეგ გავიგეთ, რომ მას ბრალი წაუყენეს პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის ფაქტებზე, საქმის მასალებში ირკვევა, რომ 100-ზე მეტი დაზარალებული არსებობს, 1 000-ზე მეტი ფაილი ჰქონდა ჩაწერილი და აშ. ეს უჩა აბაშიძის მორალის ხალხი დღეს გამოდის და ბედავს, ჩვენ მორალზე გველაპარაკოს, ეს ორმაგი სტანდარტიც აღარ არის და ეს დანაშაული თავის შინაარსით არის ყველაზე ამორალური დანაშაული, რაც შეიძლება, ადამიანმა ჩაიდინოს. ამაზე უფრო ამორალური იყო ის გამართლების მცდელობა, რაც ამ პოლიტიკურ უმცირესობას ჰქონდა, ჩვენ ყველა მივხვდით ამით, რომ კასრის სინდრომიდან ეს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ გამოსული არ არის, უბრალოდ, თუ ადრე სხვის საძინებლებში ვარდებოდნენ და იქ ამონტაჟებდნენ ფარულ კამერებს, ახლა საკუთარ სახლში ამონტაჟებენ იგივე მიზნებისა და ამოცანისთვის.

გავიმეორებ, რომ ეს არის ოპოზიცია, რომელიც ბუჩქებში იმალება აქციებზე და ვერ ბედავენ, წინა ხაზზე დადგნენ. და თუ მაინც გამოვლენ, მერე ერთ-ერთი რომ იყო, დოლიძე, თუ არ ვცდები, როგორც გაიქცა, ეგ არის ამათი კრებითი სახე. ასე გარბიან, რადგან მშიშარა ადამიანის ბუნებაა ასეთი. ამ ადამიანებმა კარგად იციან, რომ დემოკრატიული პროცესებით არანაირი შანსი არ აქვთ ხელისუფლებაში მოსვლის, არადა ძალაუფლებაში ყოფნის უდიდესი წყურვილი გააჩნიათ, რადგან შური იძიონ ჩვენს საზოგადოებაზე, რომელმაც უკვე რვაჯერ არჩევნებზე სასტიკი და მტკივნეული უარი უთხრა მათ. ეს ადამიანები ცდილობენ გადატრიალებას და ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ ამის სამი მცდელობა ვნახეთ, სამივე უშედეგო იყო, ყველა უშედეგო იქნება, მაგრამ ეს ადამიანები დღეს რომ გამოდიან და ზვიად გამსახურდიას ახსენებენ, მაშინ, როდესაც მართლა კიტოვანის შეგირდები არიან და კოლექტიური კიტოვანები არიან, ოღონდ უნიჭოები იმაშიც, რადგან ვერასდროს შეძლებენ ესენი გადატრიალებას, ამაზე დიდი უზნეობა და უტიფრობა რა შეიძლება იყოს, ამაზე საზოგადოება გასცემს პასუხს.

ჩვენ ვნახეთ, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში, თუნდაც ბოლო სამი წელი რომ ავიღოთ, საშუალო ზრდა ეკონომიკაში გვაქვს 9,7%. ეს არის რეგიონში ყველაზე დიდი ზრდა და თანაც ეს ზრდა მოხდა პანდემიის შემდგომ პერიოდში, რაც უფრო დასაფასებელია და ესენი, როგორც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, ქვეყნის პროგრესს ებრძვიან, ისე ებრძვიან ქართულ ეკონომიკას, ეკლესიასა და საზოგადოებას. ამიტომ, ეს პოლიტიკური უმცირესობა, რომელიც ბოლომდე არის განადგურებული და დისკრედიტებული, ვერასდროს შეძლებს თავისი მზაკვრული გეგმების განხორციელებას, ვინაიდან, უჩა აბაშიძის მორალით წარმატებას ვერასდროს მიაღწევთ. ერთადერთი, რაც მოხდება, კიდევ უფრო მეტს გაიგებს საზოგადოება თქვენ შესახებ და კიდევ უფრო მკაცრ და მტკივნეულ პასუხს გაგცემთ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.