უკრაინა ახორციელებს ზეწოლას ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაზე, რათა აშშ-მა გააუქმოს ამერიკული იარაღის გამოყენების აკრძალვა რუსეთზე დარტყმისთვის.
Politico-ს ცნობით, უკრაინის ოფიციალურმა პირებმა გააძლიერეს ძალისხმევა, რათა აიძულონ ბაიდენის ადმინისტრაცია, გააუქმოს აშშ-ის წარმოების იარაღის გამოყენების აკრძალვა რუსეთის შიგნით დარტყმისთვის. ეს აკრძალვა ხელს უშლის მათ რუსეთის პოზიციებზე თავდასხმაში. უკრაინელი პარლამენტარების ჯგუფი იმყოფება ვაშინგტონში, რათა დახმარება მოითხოვოს კონგრესისგან ამ საკითხთან დაკავშირებით.
უკრაინის ოფიციალური პირები კვირების განმავლობაში აკვირდებოდნენ, როგორ იკრიბებოდნენ რუსები უკრაინის საზღვართან და ვერ გამოიყენეს აშშ-ის მიერ მოწოდებული იარაღი პრევენციული დარტყმის განსახორციელებლად ვაშინგტონის პოლიტიკის გამო. უკრაინაში შორი მოქმედების იარაღის გაგზავნის დროს ბაიდენის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მათი გამოყენება არ შეიძლება რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმისთვის.
„ახლა მთავარი პრობლემა ის არის, რომ თეთრი სახლის პოლიტიკა ზღუდავს ჩვენს შესაძლებლობებს დავარტყათ რუსეთის შიგნით სამხედრო ობიექტებს“, – განაცხადა დავით არახამიამ.
მედია წერს, რომ რუსეთმა კარგად იცის ეს შეზღუდვა და მან შეძლო 30 000 ჯარისკაცის და აღჭურვილობის კონცენტრირება თავის საზღვარზე აშშ-ს მიერ მოწოდებული შორი დისტანციის ტაქტიკური სარაკეტო სისტემების დარტყმის შიშის გარეშე.
აშშ-ის ორმა ოფიციალურმა პირმა დაადასტურა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკა არ შეცვლილა.
დახმარება გამიზნულია თავდაცვისთვის და არა რუსეთის ტერიტორიაზე შეტევითი ოპერაციებისთვის“, – განაცხადა ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა ანონიმურობის პირობით.
მედიის ცნობით, რუსეთი თავს დაესხა ხარკოვის რეგიონს, ისარგებლა უკრაინის არმიაში არსებული პრობლემებით, კერძოდ, ადამიანური ძალის დეფიციტით. ეს ქალაქს რისკის ქვეშ აყენებს.
მარტში ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ განიხილავს ხარკოვის მახლობლად ბუფერული ზონის შექმნას.
ომის შესწავლის ინსტიტუტმა შეაფასა და დაადასტურა, რომ რუსეთის ჯარებმა უკვე დაიკავეს საზღვართან რამდენიმე დასახლებული პუნქტი და ანგრევენ ხიდებს, რათა უკრაინას გაურთულდეს კონტრშეტევა. ეს გვიჩვენებს, რომ რუსულ ძალებს ურჩევნიათ შექმნან „ბუფერული ზონა“.
ბაიდენის ადმინისტრაციის შეზღუდვა ამერიკული წარმოების იარაღის გამოყენებაზე რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის 2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მოქმედებს და დიდი ხანია აწუხებს უკრაინელ ოფიციალურ პირებს. ამ თვეში ბრიტანეთის მთავრობამ გააუქმა მსგავსი შეზღუდვა ბრიტანული იარაღის გამოყენებაზე.
ამერიკელი ოფიციალური პირების ცნობით, უკრაინაში საბრძოლო მასალის ნაკლებობამ და რუსეთის პოზიციის გაძლიერებამ ბრძოლის ველზე შეცვალა ომის მიმდინარეობა.
რუსეთის ლიდერმა შეცვალა თავდაცვის სექტორის უმაღლესი თანამდებობის პირები და ახლა ყურადღებას გაამახვილებს მობილიზაციაზე. ყოფილი „ვაგნერი“ ახალ დანაყოფებში გაერთიანდა, რომლებიც უკრაინაში რუსეთის პოზიციების გასაძლიერებლად გამოიყენებენ.
როგორც მედია წერს, ეს ახალი ჯარები მისცემს რუსეთს შესაძლებლობას წინ წავიდეს ხარკოვში, რომელიც სულ უფრო მეტად ექცევა რუსული საჰაერო და სარაკეტო დარტყმების ქვეშ.
უკრაინა რამდენიმე თვის განმავლობაში ახორციელებს დარტყმას რუსეთის შიგნით და იყენებს საკუთარ მცირე დრონებს ნავთობის ობიექტებზე თავდასხმისთვის. მაგრამ კიევის ოფიციალური პირები ამტკიცებენ, რომ მათ ესაჭიროებათ უფრო მძლავრი ამერიკული რაკეტები საზღვრის გასწვრივ რუსული საჰაერო თავდაცვითი სისტემის გასარღვევად.