ჩინეთში ვლადიმირ პუტინისა და სი ძინპინის შეხვედრა 2,5 საათს გაგრძელდა. ჩინეთის ლიდერმა ხაზი გაუსვა იმას, რომ პუტინი მორიგი ვადით არჩევის შემდეგ პირველი ვიზიტით სწორედ ჩინეთში ჩავიდა, და აღნიშნა, რომ თავადაც პირველი უცხოური ვიზიტით ყოველთვის მოსკოვში ჩადის.
სი ძინპინმა განაცხადა, რომ რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობები წარმატებულად ვითარდება, და ამ ურთიერთობების ყველა მიმართულებით გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვა.
თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტმა ორმხრივი ურთიერთობების ეკონომიკურ ასპექტებზე ისაუბრა და მზარდ სავაჭრო ბრუნვას გაუსვა ხაზი. პუტინმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობები კონიუნქტურული არაა და არ არის მიმართული ვინმეს წინააღმდეგ.
შეხვედრის შედეგად ვლადიმირ პუტინმა და სი ძინპინმა ყოვლისმომცველი პარტნიორობის და სტრატეგიული თანამშრომლობის ურთიერთობების გაღრმავების შესახებ ერთობლივი განცხადება მიიღეს.