16 მაისს გარდაბანში მკვლელობა მოხდა. ცნობილია, რომ ძმამ და განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა. ახალგაზრდა მამაკაცი დას ჯერ მანქანით დაეჯახა, შემდეგ კი 4-ჯერ დაარტყა დანა.
ეთნიკურად აზერბაიჯანელი გარდაცვლილი ქალი 30 წლამდე შახლა ისმაილოვა იყო. როგორც ადგილობრივი ყვება, ახალგაზრდა ქალს ქმარი და ორი შვილი დარჩა.
პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებული დას პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ საკითხებზე დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღებას უზღუდავდა, ასევე დის მეუღლესთან დაშორების ფაქტს ოჯახის ღირსების შელახვად მიიჩნევდა.
დაკავებულს ბრალი ოფიციალურად წარედგინა:
„საქართველოს პროკურატურამ ოჯახის წევრის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებებში, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დას პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ საკითხებზე დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღებას უზღუდავდა, ასევე დის მეუღლესთან დაშორების ფაქტს ოჯახის ღირსების შელახვად მიიჩნევდა.
აღნიშნულის გამო 16 მაისს ბრალდებულმა, გარდაბანში, დას ჯერ ავტომანქანა შეაჯახა, შემდეგ კი დანით სიცოცხლისთვის საშიში, მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენა. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად ქალი ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109-ე მუხლის „თ”, „კ” და „მ” ქვეპუნქტებით (განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობა გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ)წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 -დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება” – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.
რას ჰყვება ადგილობრივი?
„საკმაოდ შეძლებული ოჯახიც ჰქონდა. ბოლო პერიოდში სახლიდან წავიდა. ძმა დას ეძებდა, იმუქრებოდა, სადაც ვნახავ, იქ მოვკლავო. ისინიც ერიდებოდნენ, ძმა გოგონას დღეს გადაეყარა ქუჩაში, ჯერ მანქანა დააჯახა, მერე წაქცეულს 4-ჯერ ჩაარტყა დანა. გოგონა ადგილზე გარდაიცვალა… ახლა ერთი პრობლემაა: გოგონას ჩაუტარდა ექსპერტიზა, ბიუროში უთხრეს, მიცვალებული წაიყვანეთო, მაგრამ არავის მიჰყავს – არც გოგოს ქმრის ოჯახს მიჰყავს და არც მშობლების ოჯახს. გოგოს მამა იძახის, ჩემი შვილი ციხეში მიდის და სახლში მოვასვენოო?” – გვიყვება გარდაცვლილის თანასოფლელი.
წყარო: ambebi.ge