როდესაც დასავლეთი თავად არღვევს ოლიმპიურ პრინციპებს და, ამავდროულად, რუსეთისგან მათ დაცვას მოითხოვს, ეს მიუღებელია. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კომენტარი გააკეთა საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის წინადადებაზე უკრაინასთან ზავის დადების შესახებ პარიზის ოლიმპიური თამაშების დროს.
„ოლიმპიადის ეს პრინციპები, მათ შორის „ოლიმპიური ზავი“, ძალიან სწორია და შემთხვევითი არ არის, რომ ისინი საუკუნეების განმავლობაში მსოფლიო საზოგადოებამ შეიმუშავა, თუმცა მათ ძალიან ცოტა ადამიანი იცავდა. სხვა საკითხია ის, რომ სწორედ დღევანდელი საერთაშორისო სპორტის ოფიციალური პირები არღვევენ ოლიმპიური წესდების პრინციპებს, სპორტს პოლიტიკურ ელფერს აძლევენ, რაც სრულიად მიუღებელია“, – განაცხადა პუტინმა ჩინეთში ვიზიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
მან აღნიშნა, რომ დასავლეთი არღვევს ოლიმპიადის პრინციპებს, როდესაც რუს სპორტსმენებს რუსეთის ფედერაციის დროშითა და ეროვნული ჰიმნით გამოსვლის უფლებას არ აძლევს და, ამავდროულად, მოსკოვისგან ითხოვს წესების დაცვას.
„ეს სამართლიანობის რომელიმე ელემენტარულ ნორმას შეესაბამება? არ არსებობს მსგავსი რამ. თვითონ არღვევენ და ჩვენგან მოითხოვენ შესრულებას. ძვირფასო მეგობრებო, ასე შორს ვერ წავალთ. იმისათვის, რომ სხვებისგან მოითხოვო, თავად უნდა შეასრულო ეს წესები“, – დასძინა რუსეთის ლიდერმა.
ცნობისთვის, მანამდე მაკრონმა განაცხადა, რომ ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან ერთად მსოფლიოში „ოლიმპიური ზავის“ მიღწევის შესაძლებლობას განიხილავდა და ამისთვის დახმარებას სწორედ მას სთხოვდა.