თეონა აქუბარდია – ახალგაზრდების ადგილას, პირადად მე ნამდვილად ვერ დავინახავდი აზრს დიალოგში

ირაკლი კობახიძის დიალოგის განაცხადი ყალბია, ახალგაზრდების ადგილას, პირადად მე ნამდვილად ვერ დავინახავდი აზრს დიალოგში, არა იმიტომ, რომ ვინმეს ლაპარაკის ეშინია, არამედ აზრი არ აქვს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

მისივე თქმით, კანონი როდესაც სამი მოსმენით მიღებულია, დიალოგს შედეგი არ ექნება.

„ირაკლი კობახიძის დიალოგის განაცხადი ყალბია. დიალოგი რომ ნდომებოდა იმ ახალგაზრდებთან, რომლებსაც, უყურებდა, როგორ ურტყამდნენ მისი აქტივისტები, ან იმ ახალგაზრდებთან, რომლებსაც პოლიციის ჭარბი ძალით ფიზიკურად დაუპირისპირდა, ან იმ ახალგაზრდებთან, რომელთაც ტერორი მოუწყვეს სატელეფონო ფორმებით, ამისთვის მას ჰქონდა დრო. კანონი როდესაც სამი მოსმენით მიღებულია, დიალოგის შედეგი, ცხადია, არც არაფერი იქნება. დიალოგს და შესაძლებლობას გამოყენება უნდა, როდესაც დროშია ეს ყველაფერი შესაძლებელი. „ქართული ოცნება“ არც არავის დაელოდა, არც ოპოზიციის შენიშვნები გაითვალისწინა, არც დასავლელი პარტნიორების. ამ ყალბი ფორმით უნდა კიდევ ერთხელ „გააპრავოს“ თავისი გზა რუსეთისკენ.

მე პირადად რომ ვყოფილიყავი ამ ახალგაზრდების ადგილას, დიალოგში აზრს ნამდვილად ვერ დავინახავდი. არა იმიტომ, რომ ვინმეს ლაპარაკის ეშინია, არამედ, უბრალოდ, აზრი არ აქვს ამ ყველაფერს, დანარჩენი ამ ადამიანების გადასაწყვეტია. მე რაც ვნახე, ერთადერთი ჯგუფი იყო, რომელმაც თქვა, აზრს ვერ ხედავდა, რასაც აბსოლუტურად ვიზიარებ. მანიპულაციურად ცდილობენ, გარკვეულწილად დატოვონ შესაძლებლობები, რომ საკუთარი ხალხი დააბნიონ და საკუთარ ხალხს აჩვენონ ის თამაში, რომელიც, საბოლოო ჯამში, რუსეთის ინტერესებით მიმდინარეობს.

მაინტერესებს, რომ შეხვდება და დაელაპარაკება, მერე რას იზამს? სამი მოსმენით კანონი მიღებულია, პრეზიდენტის ვეტო მოდის და ამბობენ, დავძლევთო. ლაპარაკით ლაპარაკისთვის რა შედეგი დადგება? ამ კაცს ლაპარაკი რომ ნდომებოდა, პარლამენტში იყო ოპოზიცია, ხალხის პროტესტი არის ერთი თვის განმავლობაში და შეეძლო, გაჩერებულიყო და დალაპარაკებოდა, ამ კანონის მიღებაზე მერე მიეღო გადაწყვეტილება. ლაპარაკი რისთვის? არ მგონია, ვინმეს უხაროდეს ირაკლი კობახიძესთან იქ საუბარი, თუ შედეგი არ დადგება. როდესაც წინასწარ ვიცით, რომ შედეგი არ დადგება და ამას თვითონ ამბობენ და არა მე, ეს გასაგებია, რომ არის მორიგი ტრიუკი, ივანიშვილის კიდევ ერთი მცდელობა ხალხის დაბნევის“, – აღნიშნა აქუბარდიამ.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს შესთავაზა, გამოყონ ათამდე წარმომადგენელი, რომლებთანაც გამართავს საჯარო დისკუსიას გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო.