აშშ ეჭვობს, რომ ჩინეთი წყალქვეშა კაბელებს ჯაშუშობისთვის იყენებს

აშშ-ის სახელმწიფო მოხელეებმა ტელესაკომუნიკაციო კომპანიები გააფრთხილეს, რომ წყნარი ოკეანის ფსკერზე გაყვანილი კაბელები ჩინური გემების მიერ ჩატარებული ჯაშუშური ოპერაციებისთვის შეიძლება დაუცველი აღმოჩნდეს. ამის შესახებ Deutche Welle The Wall Street Journal-ზე დაყრდნობით წერს.

გამოცემა წერს, რომ ჩინეთის ეს ქმედებები კომერციულ და სამხედრო საიდუმლოებებს ემუქრება. ეჭვი მას შემდეგ გაჩნდა, რაც ცნობილი გახდა, რომ ჩინური კომპანია S.B. Submarine Systems, რომელიც წყალქვეშა კაბელების გაყვანით არის დაკავებული, თავის გემებს რადიო და თანამგზავრული დაკვირვებისგან მალავს. საუბარია გემებზე Fu Hai, Fu Tai და Bold Maverick, რომელიც ტაივანისა და ინდონეზიის მახლობლად მუშაობის დროს ამ სისტემებისთვის დროებით უხილავი ხდება. აშშ შიშობს, რომ S.B. Submarine Systems-ის გემები საიდუმლო ჯაშუშურ ოპერაციებში მონაწილეობს.

WSJ ასევე წერს, რომ ამერიკელი მაღალჩინოსნები უფრო ფრთხილად აფასებენ სამხედრო მონაცემების გადაცემას, რადგანაც ეს კაბელები ხშირად კომერციულ ინტერნეტ-კაბელებზე გადის.

დაახლოებით 2 თვის წინ გაზეთმა The New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრომ იმ ჩინური ელექტრომობილების მიმართ გამოძიება დაიწყო, რომელიც ინტერნეტს უერთდება. მათი პოტენციური საფრთხე იმაში მდგომარეობს, რომ ელექტრომობილებს ინფრასტრუქტურასთან, მძღოლების სმარტფონებთან და სხვა ავტომობილებთან დაკავშირება შეუძლია, რითაც უზარმაზარი რაოდენობის ინფორმაციის მოპოვებაა შესაძლებელი.