აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აღმაშფოთებელს უწოდებს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორის, კარიმ ხანის ოფისის მოწოდებას იმასთან დაკავშირებით, რომ „ჰამასის“ ლიდერებთან ერთად, გამოიცეს ისრაელის პრემიერისა და თავდაცვის მინისტრის დაკავების ორდერები.
როგორც ბაიდენმა საკითხის კომენტირებისას აღნიშნა, „ჰამასსა“ და ისრაელს შორის ტოლობის დასმა არ შეიძლება.
„ICC-ის პროკურორის მოწოდება ისრაელის ლიდერებზე დაკავების ორდერების გამოცემის თაობაზე, აღმაშფოთებელია. ნება მომეცით, განვმარტო – რასაც არ უნდა გულისხმობდეს ეს პროკურორი, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის არანაირი ტოლობა არ არსებობს. ჩვენ ყოველთვის ისრაელის გვერდით ვიქნებით მისი უსაფრთხოებისადმი არსებული საფრთხეების წინაშე“, – ციტირებს The Guardian ბაიდენის სიტყვებს.
შეგახსენებთ, ჰააგის სასამართლოს პროკურორმა გუშინ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ისრაელისპრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და ქვეყნის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი პასუხისმგებლები არიან 2023 წლის 8 ოქტომბრიდან ღაზას სექტორში სავარაუდო სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე.
პროკურორმა ამავე განცხადებაში მოითხოვა „ჰამასის“ სამი ლიდერის დაკავების ორდერის გამოცემაც.
შეგახსენებთ, გასული წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ წევრები ისრაელის ტერიტორიაზე შეიჭრნენ და ადგილზე 1200-ზე ადამიანი დახოცეს, 250 მოქალაქე კი ტყვედ ჩაიგდეს. ამას, ისრაელის მხრიდან ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაციის დაწყება მოჰყვა, რამაც ჰუმანიტარული კატასტროფა და პალესტინელ მშვიდობიან მოსახლეობაში დიდი მსხვერპლი გამოიწვია, რასაც არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია ადასტურებს.