„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოზიციას ეხმიანება, რომლის თანახმად ამერიკის კონგრესი მზადაა, ჰააგის სასამართლოს დასანქცირებაზე იმსჯელოს. როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, ამ ფონზე ქართველი მოსამართლეების დასანქცირება და საქართველოს დასჯის მოთხოვნა გასაკვირი არაა.
ქადაგიძე იმასაც აღნიშნავს, რომ ფსევდოლიბერალური ზღვარგადასული წესრიგის გამო შექმნილ ტურბულენტობაში, სამწუხაროდ, საქართველოსაც უწევს ფრენა.
„ატყობთ, რა მასშტაბის ეგზისტენციალურ კატასტროფასთანაა დასავლეთის დღევანდელი პოლიტიკური კონიუნქტურა?! ჰააგას სასამართლოს დასანქცირებას განიხილავენ…(ნუ, მიზეზები, მოტივი და სანქციების შემთხვევაში, სამართლებრივი შედეგი ცალკე კატასტროფის თემაა) ჰოდა – ნურავის გიკვირთ ქართველი მოსამართლეების დასანქცირება და საქართველოს დასჯის მოთხოვნა. სრულ სიგიჟეშია გადავარდნილი ფსევდოლიბერალური წესრიგი, ყველას და ყველაფერს ემუქრებიან, ვინც მათ უსიტყვოდ არ ემორჩილება…
ახლა მაინც ხვდებით, რა მასშტაბის ტურბულენტობაში უწევს საქართველოს ფრენა?! ერთი ჭეშმარიტებაა, რომ საქართველოა ის ქვეყანა, რომელმაც ამ ფსევდოლიბერალიზმის დემონტაჟი დაიწყო რეგიონში და შესაბამისად, მსოფლიოში!“, – წერს ქადაგიძე.