ჩინეთმა დიდი ბრიტანეთი უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო პროცესის ჩაშლაში დაადანაშაულა

ჩინეთმა დაადანაშაულა დიდი ბრიტანეთი, თითქოს მან უკრაინას და რუსეთს სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებაში ხელი შეუშალა. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.

ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვან ვენბინმა განაცხადა. ვენბინი დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის, გრანტ შაფსისის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ჩინეთმა უკვე მიაწოდა ან მზად არის მიაწოდოს რუსეთს ლეტალური იარაღი, რითაც მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ ომს გააგრძელებს.

ჩინელმა დიპლომატმა ბრიტანეთის ოფიციალური პირის განცხადებას სიცრუე უწოდა, რომელიც „აშშ-მაც კი არ დაადასტურა“.

„სწორედ ბრიტანული, და არა ჩინური მხარე უკრაინის ცეცხლზე ნავთს ასხამს. ჯერ კიდევ 2 წლის წინ რუსეთი და უკრაინა სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებასთან ახლოს იყვნენ, მაგრამ დიდი ბრიტანეთის არაკონსტრუქციული პოზიციის გამო კონფლიქტი გაიწელა და დღესაც გრძელდება“, – განაცხადა ვენბინმა.

მისი თქმით, ჩინეთზე ლაფის შესხმა უკრაინის საკითხში ბრიტანეთის პასიურ პოზიციას არ შეცვლის და ქვეყნის შიდა პრობლემებს ვერ მოაგვარებს.

22 მაისს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა გრანტ შაფსისმა განაცხადა, რომ ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, ჩინეთი უკვე აწვდის ან მომავალში მიაწვდის რუსეთს ლეტალურ იარაღს.

თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯეიკ სალივანმა ამ საკითხის კომენტირებისას აღნიშნა, რომ აშშ-ს მსგავსი ინფორმაცია არ აქვს.