უკრაინაში, თანამგზავრით მართვადი ამერიკული საბრძოლო მასალის ნაწილი უძლური აღმოჩნდა ჩახშობის რუსული ტექნოლოგიის წინააღმდეგ, რის გამოც უკრაინამ შეწყვიტა დასავლეთის მიერ მოწოდებული შეიარაღების გარკვეული სახეობის გამოყენება. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გაზეთი The Washington Post-ი უკრაინელ სამხედრო მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გაზეთი The Washington Post-ი აღნიშნავს, რომ რუსეთის მიერ თანამედროვე დასავლური იარაღის – მათ შორის Excalibur-ის [GPS-ით მართვადი] საარტილერიო ჭურვები და HIMARS-ი – მართვის სისტემების ჩახშობამ შეარყია უკრაინის უნარი, დაიცვას თავისი ტერიტორია.
„რუსეთის უნარს, ებრძოლოს მაღალტექნოლოგიურ საბრძოლო მასალას, შორსმიმავალი შედეგები აქვს უკრაინისა და მისი დასავლელი მხარდამჭერებისთვის და ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ რუსულმა ძალებმა დაიბრუნეს ინიციატივა და წინ მიიწევენ ბრძოლის ველზე“, – წერს გაზეთი The Washington Post-ი.
უკრაინის კონფიდენციალური შეფასებით, Excalibur-ის ჭურვების ეფექტურობის მაჩვენებელი მკვეთრად დაეცა [10%-ზე ნაკლები], რის გამოც უკრაინელმა სამხედროებმა მისი გამოყენება შარშან შეწყვიტეს.
„HIMARS-ი ეფექტური იყო ომის პირველ წელს, თუმცა [ომის] მეორე წლისთვის ყველაფერი დასრულდა: რუსებმა რადიოელექტრონული ომის წარმოება დაიწყეს, გათიშეს სატელიტური სიგნალები და HIMARS-ი გახდა სრულიად არაეფექტური“, – The Washington Post-ი უკრაინელ სამხედრო მაღალჩინოსანზე დაყრდნობით.