იტალია წინააღმდეგია, უკრაინამ მის მიერ მიწოდებული იარაღით რუსეთში სამიზნეებს დაარტყას – საგარეო საქმეთა მინისტრი

იტალია უკრაინისთვის დასავლური იარაღის გამოყენებით რუსეთში არსებულ სამიზნეებზე დარტყმების განხორციელებაზე ნებართვის მიცემას ეწინააღმდეგება. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანმა განაცხადა.

ამით, ის გამოეხმაურა NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ „მოვიდა დრო, უკრაინას დასავლური იარაღით რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო სამიზნეებზე დარტყმის ნებართვა მიეცეს“.

ანტონიო ტაიანის თქმით, იტალია უკრაინაში ჯარისკაცებს არ გაგზავნის.

„ჩვენ ნატოს განუყოფელი ნაწილი ვართ, თუმცა, ყველა გადაწყვეტილება  კოლექტიურად უნდა იქნეს მიღებული. კიევის არჩევანი, კიევის არჩევანია. ჩვენ არ გავაგზავნით იტალიელ ჯარისკაცს უკრაინაში, ხოლო სამხედრო ინსტრუმენტები, რომელთაც იტალია აგზავნის, გამოიყენება უკრაინის შიგნით. ჩვენ მშვიდობისთვის ვმუშაობთ“, – ციტირებს მინისტრის სიტყვებს Ansa.

ცნობისთვის, მანამდე გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ წინააღმდეგია უკრაინამ გერმანული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმისთვის გამოიყენოს.