ესპანეთი, ირლანდია და ნორვეგია დღეს პალესტინის სახელმწიფოს ოფიციალურად აღიარებენ

ესპანეთი, ირლანდია და ნორვეგია პალესტინის სახელმწიფოს ოფიციალურად დღეს აღიარებენ.

ისრაელმა ევროპის ქვეყნების ამ გადაწყვეტილებას „ჰამასისთვის“ ჯილდო უწოდა.

სამი ევროპული ქვეყანა მიიჩნევს, რომ მათ ინიციატივას ძლიერი სიმბოლური გავლენა აქვს, რაც, სავარაუდოდ, წაახალისებს სხვებს, მიჰყვნენ მათ.

ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხოსე მანუელ ალბარესმა გუშინ ბრიუსელში განაცხადა, რომ პალესტინის სახელმწიფოს აღიარება პალესტინელი ხალხისთვის სამართლიანობას ეხება.

„ეს ასევე არის ისრაელის უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია და აბსოლუტურად აუცილებელია რეგიონში მშვიდობის მისაღწევად“, – თქვა მან ირლანდიელ და ნორვეგიელ კოლეგებთან ერთად.

ესპანეთმა, ირლანდიამ და ნორვეგიამ პალესტინის სახელმწიფოს აღიარებასთან დაკავშირებით გასულ კვირას განაცხადეს, ოფიციალურად კი მას დღეს აღიარებენ.

ვაშინგტონმა და დასავლეთ ევროპის ქვეყნების უმეტესობამ განაცხადეს, რომ მზად არიან მომავალში აღიარონ პალესტინის სახელმწიფოებრიობა, თუმცა ეს არ მოხდება, ვიდრე მხარეები შეთანხმებას არ მიაღწევენ.

ესპანეთის, ირლანდიისა და ნორვეგიის აღიარება ნიშნავს, რომ გაეროს 193 წევრი სახელმწიფოდან ახლა 145 აღიარებს პალესტინის სახელმწიფოებრიობას. მათ შორისაა ახლო აღმოსავლეთის, აფრიკის და აზიის მრავალი ქვეყანა, მაგრამ არა შეერთებული შტატები, კანადა, დასავლეთ ევროპის უმეტესი ნაწილი, ავსტრალია, იაპონია და სამხრეთ კორეა.