წლის ბოლომდე უკრაინას ტერიტორიების დიდი დანაკარგი ემუქრება – დასავლური სპეცსამსახურები

“დასავლეთის სადაზვერვო სააგენტოებში მიაჩნიათ, რომ წლის ბოლომდე უკრაინას ტერიტორიების დიდი დანაკარგი ემუქრება. განსაკუთრებით რთული ვითარება ამ მხრივ ხარკოვის ოლქშია. თუმცა, ანალიტიკოსების თქმით, მიუხედავად რუსეთის მხრიდან საჰაერო დარტყმებისა და ქალაქის განადგურებისა, ხარკოვის მიმართულებაზე რუსეთის შეტევა შემცირებულია. მათივე აზრით, წლის ბოლომდე უკრაინის მნიშვნელოვანი ტერიტორიების დაკარგვა ნაკლებად მოსალოდნელია.

გერმანული მედიის მიხედვით, ამ დროისთვის უკრაინის “საერთო სურათი” რუსეთის უპირატესობის გამო ბუნდოვანია. დაზვერვის შეფასებაში ნათქვამია, რომ კიევი 2024 წელს ვერ შეძლებს ინიციატივის ხელში ჩაგდებას და წლის ბოლოსთვის ქვეყანა, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად უფრო დიდ ტერიტორიულ დანაკარგებს განიცდის. დასავლური დაზვერვის შეფასებით, უკრაინის მიერ ტერიტორიის მოსალოდნელი დაკარგვა არის “უკრაინის შეიარაღებული ძალების ამჟამინდელი თავდაცვითი ორიენტაციისა და მასთან დაკავშირებული ბრძოლების გახანგრძლივების შედეგი”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით სადამდე გაგრძელდება უკრაინელთა უკან დახევა – გერმანული დაზვერვის პესიმისტური პროგნოზი და ბოლო ცნობები ფრონტიდან.

“გერმანიის ბუნდესტაგის სადაზვერვო სამსახურების საპარლამენტო კონტროლის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე როდერიხ კიზევეტერი აცხადებს, რომ უკრაინას საბრძოლო მასალისა და მობილიზაციის პრობლემა აქვს. გერმანელი დეპუტატის თქმით, ამჟამად სიტუაციის შესახებ პესიმისტური ცნობები ვრცელდება, აშკარად იმ მიზნით, რომ აჩვენონ სიტუაციის უიმედობა და ის, რომ სამხედრო მხარდაჭერას აზრი აღარ აქვს, რომლის მიზანია კიევზე “დახვეწილად, მაგრამ სასტიკად” ზეწოლა, რათა მან ტერიტორია დათმოს. გერმანიის მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტიის დეპუტატმა, ასევე ზედამხედველობის კომიტეტის წევრმა, რალფ შტეგნერმა თქვა, რომ სპეცსამსახურების შეფასება არსებითად სწორია. გერმანელი დეპუტატის თქმით, გასულ წელს უკრაინის წარუმატებელმა კონტრშეტევამ აჩვენა, რომ მათ შეუძლიათ და თავიდან უნდა აიცილონ უკრაინის დამარცხება, მაგრამ ისინი ვერ უზრუნველყოფენ მის გამარჯვებას”, – აღნიშნავს გამოცემა.

“საქართველოს გენშტაბის ყოფილი უფროსის, გენერალ-მაიორის ვახტანგ კაპანაძის აზრით, ხარკოვის მიმართულებაზე რუსეთის შეტევა შემცირებულია. როგორც იგი “რეზონანსთან” აღნიშნავს, ახლა რუსები მაინც ცდილობენ, რომ მთავარი დარტყმა დონბასის მიმართულებაზე განახორციელონ და უკრაინელებს ყურადღება ხარკოვზე გადაატანინონ. იგი გერმანული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა უკრაინამ წლის ბოლომდე მნიშვნელოვანი ტერიტორიები დაკარგოს, არ ეთანხმება. სამხედრო ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიას შეფასებით კი, უკრანელებმა მოახერხეს ხარკოვის მიმართულებით რუსების შეკავება და ახლა იქ თავდაცვით ბრძოლებს აწარმოებენ. მისივე თქმით, ორივე მხარე საკმაოდ სერიოზული ტიპის ბრძოლებისთვის ემზადება და მაისის ბოლოს, ივნისის დასაწყისისთვის რუსები სტრატეგიულ შეტევებზე გადავლენ”, – განაგრძობს გამოცემა.

“ძალიან ძნელია იმის თქმა, თუ სადამდე გაგრძელდება უკრაინის უკან დახევა. ხარკოვის მიმართულებაზე რუსეთის შეტევა შემცირებულია, მიუხედავად საჰაერო დარტყმებისა. ზოგადად მათი შეტევების იმპულსი შემცირებულია. ჯავშანტექნიკას საერთოდ ვეღარ იყენებენ და ძირითადად ქვეითებით უტევენ, რასაც დიდი მსხვერპლი მოჰყვება ხოლმე. მე არ მგონია, რომ უკრაინელებმა ძალიან დიდად დაიხიონ უკან, ვინაიდან ისინი ნელ-ნელა იხევენ და თავდაცვითი ზღუდეების სიღრმეში გამაგრებას ახერხებენ. ამჟამად რუსები ვოლჩანსკის პირველ ზღუდემდეც არ არიან მისული. ძირითადად ისინი მაინც ცდილობენ, რომ დარტყმები დონბასის მიმართულებაზე განახორციელონ. ხარკოვი არის უკრაინელების ყურადღების გადამტანი მიმართულება. რუსების მხრიდან დარტყმები უფრო ჰგავს უკრაინელების სუსტ წერტილებზე შეტევებს, ვიდრე რაიმე მნიშვნელოვანი კონცენტრირებული გარღვევის მცდელობას. არ ვფიქრობ, რომ წლის ბოლომდე უკრაინა მნიშვნელოვან ტერიტორიებს დაკარგავს, ამის არავითარი წინაპირობა არ ჩანს. ვოლჩანსკიც თუ დატოვეს, ეს არაფერს ნიშნავს, რადგან ეს ისედაც მიწასთან გასწორებული ტერიტორიაა”, – განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ კაპანაძე.