ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევის გამო ათასზე მეტი ადამიანია ევაკუირებული

ისლანდიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, რეიკიანესის ნახევარკუნძულზე ვულკანის ამოფრქვევის გამო ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოხდა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

ვულკანის ლავის შადრევანი 50 მეტრის სიმაღლეზე იფრქვევა. გახლეჩილი მიწის სიგრძე 4 კმ-ს შეადგენს. ევაკუირებულია ქალაქ გრინდავიკის და მიმდებარე სოფლების მოსახლეობა. 800 ადამიანის ევაკუაცია პოპულარული კურორტიდან, „ცისფერი ლაგუნიდან“ მოხდა, რომელიც გეოთერმული ტბებით და გეიზერებით არის ცნობილი. რაც შეეხება ქალაქ გრინდავიკს, მისი მოსახლეობა 3 800 ადამიანს შეადგენს, მაგრამ ქალაქის მრავალი მკვიდრი პირველივე ამოფრქვევის შემდეგ წავიდა და აღარ დაბრუნებულა.

ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში რეიკიანესის ნახევარკუნძულზე ვულკანების მეხუთე ამოფრქვევა ხდება. პირველი ამოფრქვევა 2023 წლის 18 დეკემბერს მოხდა და იმდენად ძლიერი იყო, რომ ის ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკიდან, 40 კმ-ში ჩანდა.