მიხეილ სარჯველაძე – უმაღლეს ნიშნულზეა ყველა საერთაშორისო პარტნიორის განწყობა საქართველოსთან საქმიანი, პარტნიორული ურთიერთობის გასაგრძელებლად

მინისტრმა დეპუტატებს ინფორმაცია მიაწოდა მიმდინარე კვირაში ჟენევაში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში განხორციელებული შეხვედრების შესახებ.

„მინდა, გამოვყო შეხვედრები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორთან, ჰანს კლუგესთან, გლობალური ფონდის საქართველოს მიმართულების ხელმძღვანელთან, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ერთ-ერთ ხელმძღვანელ თანამდებობის პირთან. შეხვედრებისას მკაფიოდ გამოიკვეთა საქართველოსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანამშრომლობის გაღრმავების, გააქტიურების არა თუ უბრალოდ პერსპექტივები, არამედ სრულიად კონკრეტული გეგმები, რისი წინაპირობაც არის საქართველოსთან თანამშრომლობის მართლაც სამაგალითო წარმატება. მათ შორის, უნდა დავასახელოთ მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაზრდა, პირველადი ჯანდაცვის მიმართულება და სხვა. ამ თვალსაზრისით, უმაღლეს ნიშნულზეა ყველა საერთაშორისო პარტნიორის განწყობა საქმიანი, პარტნიორული ურთიერთობის გასაგრძელებლად“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.