რუსეთის ეკონომიკა მოსალოდნელზე უფრო სწრაფად იზრდება

როგორც რუსული, ისე საერთაშორისო წყაროები თანხმდებიან იმაში, რომ რუსეთის ეკონომიკა წარმატებით იზრდება. რუსეთის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2024 წლის პირველ კვარტალში რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის მოცულობა 5.4%-ით გაიზარდა, რაც 2021 წლის შემდეგ დაფიქსირებული უმაღლესი მაჩვენებელია და ანალიტიკოსების პროგნოზთან შედარებით გაცილებით უკეთეს შედეგს წარმოადგენს.

რუსეთთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინები აქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდს (IMF). საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, მიმდინარე 2024 წელს რუსეთის ფედერაციის ეკონომიკა 2.6%-ით გაიზრდება, რაც თითქმის ორჯერ მეტი იქნება წინა პროგნოზთან შედარებით.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის განმარტებით, მოსალოდნელზე უკეთესი შედეგები სამთავრობო ხარჯების ოპტიმიზაციით და ენერგორესურსების გაძვირებითაა განპირობებული. მოგეხსენებათ, საუდის არაბეთმა და რუსეთმა ბაზარზე ხელოვნური დეფიციტი შექმნეს, რამაც ნავთობის გაძვირება გამოიწვია, ამ მოცემულობით ყველაზე დიდ სარგებელს კი სწორედ ზემოხსენებული სახელმწიფოები იღებენ.

რაც შეეხება სამომხმარებლო ფასების ზრდის დონეს, ოფიციალური მონაცემებით, წლიური ინფლაცია რუსეთში 7.8%-ის ფარგლებშია.