არჩილ თალაკვაძე – ჩვეულებრივი „ჰეითერული“ კამპანიაა ჩვენს მიმართ

ჩვეულებრივი „ჰეითერული“ კამპანიაა ჩვენს მიმართ და მინდა, ვუთხრა ამ ადამიანებს, ტყუილად ნუ ეცდებიან, არავის არ ეშინია ამ ტერორისტული შეძახილების და მათი დაანონსებული დისკომფორტის, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ ბულინგის კამპანიაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი გმობს ძალადობის ყველა შემთხვევას.

„ჩვენ ვგმობთ ძალადობას, ნებისმიერ შემთხვევას – განურჩევლად და არა ისე, როგორც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია და ოპოზიცია აკეთებს, რომ მაგალითად, „იმედის“ ჟურნალისტზე როცა იყო წარმოუდგენელი შეურაცხყოფა და თავდასხმა, ხმა არ ამოიღეს იმიტომ, რომ ეს იყო „იმედის“ ჟურნალისტი და არ იყო თურმე ოპოზიციის მიერ მართული ტელევიზია. როდესაც დეპუტატების არასრულწლოვან შვილებს ემუქრებოდნენ, როდესაც ჩვენი კოლეგების ასაკოვან მშობლებს მიუვარდნენ სახლში. ამ ყველაფერზე თურმე, ნულოვანი უნდა იყოს რეაქცია. ახლა, როდესაც ძალადობამ გამოიწვია ძალადობა და მათ მიერ დათესილ სიძულვილს მოჰყვა უკურეაქცია, ისევ ხელისუფლებას აკრიტიკებენ, რომ თურმე ხელისუფლება დგას ამ ყველაფრის უკან. ამის უკან ჩვენ ვერანაირად ვერ ვიქნებით, ეს არ შედის სახელმწიფოს და არც მმართველი გუნდის ინტერესში, რომ ასეთი ფონი იყოს საზოგადოებაში. ეს ჩვეულებრივი „ჰეითერული“ კამპანიაა ჩვენს მიმართ და მინდა, ვუთხრა ამ ადამიანებს, ტყუილად ნუ ეცდებიან, არავის არ ეშინია ამ ტერორისტული შეძახილების და მათი დაანონსებული დისკომფორტის“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.