ჩინეთთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ თბილისი-ურუმჩის მიმართულებით პირველი პირდაპირი ავიარეისი შესრულდა

„საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა სავიზო მოთხოვნებისგან ორმხრივად გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, 2024 წლის 30 მაისს, თბილისი-ურუმჩის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისი შესრულდა, რომელმაც პირველი უვიზო მგზავრები გადაიყვანა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„მგზავრები ჩინეთის მიმართულებით გააცილეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა, ჭოუ ციენმა.

აღსანიშნავია, რომ ორ ქვეყანას შორის გაფორმებული შეთანხმების შედეგად, საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ, უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში და დაჰყონ ქვეყანაში შესვლის შემდეგ ერთჯერადად 30 დღე“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.