ირაკლი ქადაგიშვილი – გამჭვირვალობის შესახებ ქართული კანონი ლიბერალური მიდგომებით არის გამორჩეული

გამჭვირვალობის შესახებ ქართული კანონი ლიბერალური მიდგომებით არის გამორჩეული,– ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეუთო/ოდირის დასკვნაში პოლიტიკური განცხადებებია და არა სამართლებრივი კრიტიკა.

„კრიტიკა მხოლოდ პოლიტიკური ლოზუნგებით როცაა გაჯერებული, მას სამართლებრივი არგუმენტები არ მოჰყვება, ეს არის პოლიტიკური განცხადებები და არა სამართლებრივი კრიტიკა. საქართველო და მისი მოქალაქეები იმსახურებენ, წერა-კითხვის უცოდინრებად არ ჩაგვთვალონ. როცა საუბარია, რომ კანონი რუსულია, წაიკითხონ და მიხვდებიან განსხვავებას, როგორც ცა და დედამიწა, ისეთი განსხვავებაა. წაიკითხონ ფრანგული კანონი და მიხვდებიან, რომ ქართული კანონი ლიბერალური მიდგომებით არის გამორჩეული. ამის წაკითხვა თითქოს მარტივია და კარგადაც ესმით, მაგრამ პოლიტიკური მიზანი აქვთ – აგენტურასავით მოქმედი რადიკალური ოპოზიცია ხელოვნურ კვებაზე ჰყავდეთ. სწორედ ამიტომ არიან კანონით გაღიზიანებული. არ უნდათ გაიგონ, რომ ევროპული სტანდარტის გვერდის ავლით არ შეიძლება პოლიტიკური პროცესები აფინანსონ და რადიკალური ოპოზიცია ხელოვნურ კვებაზე ჰყავდეთ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, ეუთო/ოდირმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით დასკვნა გუშინ გამოაქვეყნა. დასკვნის თანახმად, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი შეუთავსებელია დემოკრატიულ სტანდარტებთან, ადამიანის უფლებათა კანონთან და ის უნდა გაუქმდეს.