აშშ, იაპონია და სამხრეთ კორეა ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ჩაატარებენ

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი, იაპონიის თავდაცვის მინისტრი მინორუ კიჰარა და სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრი შინ ვონ-სიკი ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩატარებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტზე დაყრდნობით.

ერთობლივი განცხადების მიხედვით, მხარეებმა ვალდებულება აიღეს სამმხრივი თანამშრომლობის გაგრძელების შესახებ, რათა უზრუნველყონ მშვიდობა და სტაბილურობა კორეის ნახევარკუნძულზე, ინდო-წყნარ ოკეანეში და მის ფარგლებს გარეთ.

განცხადების მიხედვით, სამი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა გააკრიტიკეს ჩრდილოეთ კორეის მიერ სამხედრო ჯაშუშური თანამგზავრის ბალისტიკური რაკეტების ტექნოლოგიის გამოყენებით გაშვება, რაც გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების დარღვევას წარმოადგენს.