ჩინეთის სტატიკური ხომალდი Chang’e-6 წარმატებით დაჯდა მთვარის „ბნელ მხარეს“. მისიის მიზანი ნიმუშების აღებაა, რაც კიდევ ერთი დიდი ნაბიჯია პეკინის კოსმოსურ პროგრამაში.
Chang’e-6 სამხრეთი პოლუსი-აიტკენის აუზში დაეშვა, რომელიც ჩვენთვის ცნობილი ერთ-ერთი უდიდესი დარტყმითი კრატერია მთელ მზის სისტემაში.
მთვარის ამ მხარეს ჩინეთმა 2019 წელს მავალი Chang’e-4-იც დასვა.
ეს პირველი შემთხვევაა, როცა რომელიმე ხომალდი ნიმუშებს მთვარის ამ მწირად შესწავლილ რეგიონში აიღებს.
Chang’e-6-ის კომპლექსური, 56-დღიანი მისია 3 მაისს დაიწყო.
ხომალდი ზედაპირიდან 200 კმ სიმაღლის ორბიტიდან დაეშვა. მკვლევართა განცხადებით, ასეთი დაბალი ორბიტა გარკვეულ რისკებთან იყო დაკავშირებული და შესაბამისად, საჭირო იყო კონტროლის ზუსტი პროცედურები.
ამის შემდეგ, საჭირო იყო, ზონდის სიჩქარე მთვარესთან მიმართებაში ნულამდე შემცირებულიყო ძალიან სწრაფად, 15 წუთში, რაც ძალიან დიდი ოდენობით საწვავს მოითხოვდა, ზონდის მთლიანი წონის თითქმის ნახევარს.
ახლა, როცა ზონდი უკვე მთვარეზეა, ის მთვარის გრუნტის ნიმუშებს აიღებს და იქვე შეასრულებს სხვადასხვა სახის ექსპერიმენტებს.