პრემიერი: ლიბერალური ფაშიზმი კლასიკურ ფაშიზმზე და ბოლშევიზმზე არანაკლებ საშიში იდეოლოგიაა, რომელიც გაუმჭვირვალე ფინანსებით წლებია ხელოვნურად ინერგება ჩვენს ქვეყანაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის შეფასებით, გასული ორი თვის განმავლობაში კანონის შესახებ უამრავი დეზინფორმაცია გავრცელდა და იყო ჭარბი ემოციებიც, რასაც მხოლოდ და მხოლოდ ხელოვნური საფუძველი ჰქონდა.

„ახლა უკვე კანონი ძალაშია და ყველამ უნდა ვიმოქმედოთ პრაგმატულად, ცივი გონებით და გვერდზე უნდა გადავდოთ არასაჭირო ემოციები. ეს განსაკუთრებით ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც ლიბერალურ-ფაშისტური ქმედებებით ცდილობენ, გადაფარონ პროტესტის წარუმატებლობით გამოწვეული იმედგაცრუება. ლიბერალური ფაშიზმი არის კლასიკურ ფაშიზმზე და ბოლშევიზმზე არანაკლებ საშიში იდეოლოგია, რომელიც გაუმჭვირვალე ფინანსების მეშვეობით, უკვე წლებია, ხელოვნურად ინერგება ჩვენს ქვეყანაში, საქართველოში. ეს აბსოლუტურად შეუთავსებელია ქართულ კულტურასთან. მინდა, ყველას მოვუწოდო, გაემიჯნონ ლიბერალურ ფაშიზმს, რომელიც ყველაზე დიდ საფრთხეს პირველ რიგში მისი მიმდევრების პიროვნულ განვითარებას უქმნის“, – აღნიშნა პრემიერმა.