რუსეთის საგარეო უწყება – აშშ შესაძლოა, ფატალურ შედეგებს შეეჯახოს, თუ არ გაითვალისწინებს გაფრთხილებას

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აშშ შესაძლოა, „ფატალურ შედეგებს“ შეეჯახოს, თუ დააიგნორებს მოსკოვის გაფრთხილებას, რომ უკრაინამ ვაშინგტონის მიერ გადაცემული შეიარაღება რუსეთზე თავდასხმისთვის არ უნდა გამოიყენოს.

„მინდა, გავაფრთხილო ამერიკის ლიდერები არასწორი გათვლების შესახებ, რასაც შესაძლოა, ფატალური შედეგები მოჰყვეს. უცნობი მიზეზებით, ისინი სათანადოდ ვერ აფასებენ მოგერიების სერიოზულობას, რომელიც შესაძლოა, მიიღონ“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვმა .

„პოლიტიკო“ წერს, რომ გასულ კვირას ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას ფარულად მისცა ნებართვა, ამერიკის მიერ მიწოდებული ზოგიერთი შეიარაღება რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ სამიზნეებზე გამოიყენოს. მოგვიანებით, ასეთი ნებართვები ევროპის რამდენიმე ქვეყანამაც გასცა.