ტრამპი გაპრეზიდენტების შემთხვევაში საიდუმლო დოკუმენტებს გაასაჯაროებს – Politico

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში საიდუმლო დოკუმენტებს გაასაჯაროებას აპირებს. ამის შესახებ, მან Fox news-თან ინტერვიუში განაცხადა.

ტრამპის თქმით, გაასაჯაროებს 11 სექტემბრის, პრეზიდენტ ჯონ კენედის მკვლელობისა და სექსუალური ხასიათის დანაშაულებისთვის გასამართლებული ჯეფრი ეპშტეინის საქმეებს.

რაც შეეხება მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს, ტრამპმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ეს მის მიმართ პოლიტიკური დევნაა.

„ესენი ცუდი ადამიანები არიან. ეს ადამიანები ავად არიან და ისინი ძალიან დამაზიანებელ საქმეებს აკეთებენ. ეს სისასტიკეა. რომ არა მე, ისინი სხვა ვინმეს მონახავდნენ“, – ამბობს ტრამპი ბაიდენის ადმინისტრაციასა და თავის სასამართლო პროცესზე საუბრისას. 

ცნობისთვის, ნიუ-იორკის სასამართლომ დონალდ ტრამპი დამნაშავედ ცნო საქმიანი მონაცემების გაყალბების 34-ვე შემთხვევაში, რაც 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე პერიოდში პორნოგრაფიული ჟანრის ფილმების მსახიობისთვის გადახდილი თანხის დამალვას უკავშირდება. ჯერჯერობით უცნობია, რა სასჯელს შეუფარდებს მოსამართლე ტრამპს.