იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ დაადასტურა, რომ უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი SAMP/T-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემასაც მოიცავს. ამის შესახებ ტაიანმა რადიოსადგურ Rai Radio1-ის ეთერში განაცხადა, იუწყება European Pravda.
იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა დაადასტურა, რომ მთავრობა ამზადებს სამხედრო დახმარების „სხვა პაკეტს“, რომლის შემცველობა, წინა შემთხვევების მსგავსად, კონფიდენციალური იქნება.
„მაგრამ ცნობილია, რომ ჩვენ გავაგზავნით SAMP-T-ს, რომელიც არის საჰაერო თავდაცვის სისტემა, დაცვა, რომელიც თავად უკრაინამ გვთხოვა, ეს საიდუმლო არ არის“, – დასძინა მან.
ამასთან, ტაიანიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ იტალია უკრაინაში სამხედრო პერსონალს არ გაგზავნის და რომ იტალიური იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის გამოყენება არ შეიძლება.
მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ იტალიას შეუძლია სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი ივნისის შუა რიცხვებში, G7-ის სამიტის შემდეგ დაამტკიცოს.