შალვა პაპუაშვილი – კანონი ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ არის ყველაზე სახალხო კანონი

კანონი ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ არის ყველაზე სახალხო კანონი, რომელსაც მოსახლეობის მხრიდან აბსოლუტური მხარდაჭერა აქვს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, უკვე გასაჯაროვდა ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონპროექტის მთლიანი პაკეტი და ყველას შეუძლია, გაეცნოს.

„დღეს გასაჯაროვდა მთლიანად პაკეტი, ყველას შეუძლია გაეცნოს ამ პაკეტს, ვიდრე ბიუროზე გამოვა. გუშინდელი რეაქციებიდანაც ვნახეთ ორი რამ. ერთი, ოპოზიცია, როგორც ნახეთ, დაბნეულია და მათგან რეაქცია არ გვაქვს. როგორც ჩანს, ელოდებიან მითითებას გარედან. ისევე როგორც გამჭვირვალობის კანონის პროექტის დროს იყო, თავდაპირველად ჩუმად იყვნენ და გარედან მითითების მიღების შემდეგ დაიწყეს ხმაური. ახლაც, როგორც ჩანს, გარედან ელოდებიან, რა მითითება ექნებათ.

რაც შეეხება თავად პაკეტს, 17 მაისს უკვე შედგა სახალხო რეფერენდუმი და მას აქვს სახალხო მხარდაჭერა. თუკი გამჭვირვალობის კანონი არის ყველაზე ქართული კანონი, ეს კანონი იქნება ყველაზე სახალხო კანონი. ეს მხარდაჭერა ჩვენ გუშინაც ვნახეთ ხალხის მხრიდან და, რა თქმა უნდა, პარლამენტი ამ მხარდაჭერით და ლეგიტიმაციით დაიწყებს კანონპროექტის განხილვას. რაც შეეხება სპეკულაციებს, ბევრი ვერც ვერაფერი ვნახე, რადგან უჭირთ რაიმე არგუმენტის წარმოდგენა ამ პაკეტთან დაკავშირებით. ყველამ კარგად იცის, რომ ეს არის ყველაზე სახალხო კანონი, რომელსაც აქვს აბსოლუტური მხარდაჭერა ქვეყნის მოსახლეობის მხრიდან“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.