„ეს არ არის ცალკეული შემთხვევები, ეს არის ჩვენი ეროვნული ფსიქოლოგიის დეფექტი, რომელიც სერიოზულ პრობლემას გვიქმნის“ – გულბაათ რცხილაძე

1989 წელი დაბრუნდა თითქოს. თანაც, ძალიან უცნაურად. ყოველ შემთხვევაში, „დეჟავიუს“ გრძნობა დამეუფლა საქართველოს ხელისუფლების და საზოგადოების ნაწილის ქცევასთან დაკავშირებით, რადგან 1989-1991 წლებში, საზოგადოება და მაშინდელი ხელისუფალნიც, ზუსტად ისეთსავე ინფანტილიზმს ავლენდნენ, როგორსაც დღევანდელნი დღეს ავლენენ.

მართალია, ხსენებული ინფანტილიზმი, 1989 წლიდან მოყოლებული, ბოლო დრომდე უწყვეტად გაგრძელდა, მაგრამ აქცენტს ვაკეთებ 1989-1991 წლებზე, ვინაიდან ეს იყო საბჭოთა კავშირის უკანასკნელი წლები. მიუხედავად სსრკ-ში გაღრმავებული აშკარა სტრუქტურული კრიზისისა, საბჭოთა მოქალაქეები და, მათ შორის, საქართველოს მოსახლეობა, უკლებლივ და შეუფერხებლად იღებდა ხელფასებს, ჰონორარებს, პენსიებს. არ იყო შიმშილი და ბუნებაში არ არსებობდნენ „იპოთეკის“ ვერგადახდის გამო ქუჩაში გამოყრილი მოქალაქეები. საწარმოები უშვებდნენ პროდუქციას, ცენტრიდან ანუ მოსკოვიდან იღებდნენ სუბსიდიებს, უზარმაზარ საბჭოეთში საღდებოდა ეს პროდუქცია, სრულად ივსებოდა რესპუბლიკური ბიუჯეტი.

საქართველო იმყოფებოდა კრიზისით მოცულ საბჭოთა კავშირში, მაგრამ ჯერ კიდევ მაძღარი და ერთიანი, აფხაზეთიან-ოსეთიანად. ამასთან, ჩვენი ქვეყანა ჯერ კიდევ სრულად იყო დამოკიდებული მოსკოვზე, ეკონომიკური და სამხედრო პარამეტრებით. მიუხედავად ამ ყველაფრისა, საბჭოთა ხელფასებისა და, ასე თუ ისე, ნორმალური ყოფითი პირობებისა, საზოგადოების უმეტესი ნაწილი აუმხედრდა საბჭოთა კავშირს, უფრო ზუსტად – საკუთარ კეთილდღეობას. „ბალახს შევჭამთ, ოღონდ დამოუკიდებელ საქართველოში ვიცხოვროთ!“ – ეს ლოზუნგიც იმდროინდელია, რომელიც კარგად ახასიათებს არსებულ ზოგად განწყობას.

დამოუკიდებლობის წყურვილი არ გაემტყუნება ერს, მაგრამ გაემტყუნება კეთილისმყოფლის ლანძღვა. მით უმეტეს, როდესაც კეთილისმყოფელი შენზე ძლიერია და მისი მტრად მოკიდება არ გაწყობს (წესით). ქართული „დამოუკიდებლობა“ იმთავითვე რუსოფობიის სერიოზული დოზით გაიჟღინთა. ნაცვლად პოზიტიური მიდგომისა, გაიმარჯვა ანტისაბჭოთა და ანტირუსულმა რადიკალიზმმა. ყველამ კარგად იცის, რომ ლოზუნგს – „გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!“ თითქმის უცილობლად თან ახლდა მეორე ლოზუნგი – „ძირს დამპალი რუსეთის იმპერია!“

საბჭოთა კავშირი დაიშალა, საქართველომ ფორმალური დამოუკიდებლობა მოიპოვა, თუმცა 20%-ით შემცირებულ საზღვრებში მოექცა, დამშეული და მოტყუებული.

დღესდღეობით წარსული კეთილდღეობის კვალიც არ დარჩა, ყველა სიმდიდრე და სიკეთე ხელში ჩაგდებული აქვს საქართველოს მოსახლეობის მცირე ნაწილს, ალბათ, არაუმეტეს 5%-6%-ისა – ბიზნესმენ-დეპუტატებს, არადეპუტატ ბიზნესმენებს – ყოფილ დეპუტატებსა და ყოფილ მინისტრებს (მოქმედებს თავისთავად), მოსამართლეებს, ბობოლა „არასამთავრობოებს“ და სხვა. საქართველო ქართველებისგან იცლება. სიკვდილიანობა სჭარბობს შობადობას. ემიგრაცია სჭარბობს ქვეყანაში უკან დაბრუნებულ ქართველთა რაოდენობას. და, ამ პირობებში, ამერიკა-ევროპაში სამუშაოდ გადახვეწილ ქართველთა ინტერესებს ხელისუფლება ისევე იკიდებს ფეხებზე, როგორც გუშინ და გუშინწინ რუსეთში გადახვეწილ ქართველთა ინტერესებს იკიდებდა.

მაგრამ, უცნაური ის არის, რომ როგორი დუჟმორევითაც 1989 წელს აგინებდნენ რუსეთს, ახლა ისეთივე ისტერიულობით აგინებენ ამერიკა-ევროპას, მათი მონობიდან ჯერ არ-გამოსული, გაქსუებული პოლიტიკური ელიტები (და მათ აყოლილი ნაწილი საზოგადოებისა). საბჭოთა კავშირსაც დაუპირისპირდა მაშინდელი საზოგადოების ყველაზე უფრო „ელიტარული“ ფენა – ინტელიგენტური ოჯახებიდან გამოსული დისიდენტობა, რომელმაც ხალხის მასები აიყოლია. განსხვავება დღევანდელობასთან ის არის, რომ ხალხის მასები მაშინ, ასე თუ ისე, ნორმალურად ცხოვრობდნენ, დღეს კი მეტ-ნაკლებად, უფრო კი – ცუდად.

მაგრამ, მთავარი პარალელი 2024 წელსა და 1989 წელს შორის არის შემდეგი: ის სითავხედე და უტიფრობა, რომელსაც დაუსჯელობის სინდრომს ეძახიან. როგორც რუსეთს აგინებდნენ მაშინ იმ რწმენით, რომ ეს დაუსჯელი დარჩებოდა, ახლაც ისეთივე უტიფრობით აგინებენ აშშ-სა და ევროკავშირს, რადგან სჯერათ (ან ბოლო წამამდე სჯეროდათ), რომ ეს დაუსჯელი დარჩება. ხელისუფლების წარმომადგენელთა ბოლოდროინდელი კომენტარები ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, ზოგი კი პირდაპირ ამბობდა, რომ დასავლეთი ვერ გაბედავს თუ ვერ გარისკავს რაიმე სანქციების დაწესებას. ხელისუფლების უფრო ქვევით, სახელისუფლებო პროპაგანდის თვალსაჩინო წარმომადგენლები, როგორებიც შალვა რამიშვილი და გური სულთანიშვილი არიან, კიდევ უფრო რადიკალურად გამოხატავდნენ ამ დარწმუნებულობას და მით უფრო დიდი იყო მათი დაბნეულობა, როდესაც აშშ სახელმწიფო დეპარტამენტმა ქართული „ბომონდის“ ერთი ნაწილის მიმართ სავიზო შეზღუდვების შესახებ გამოაცხადა. გაწბილებული დარჩება ჩემი ერთი ნაცნობი პროფესორიც, რომელიც ორიოდე დღის წინ პრესაში ამტკიცებდა, რომ დასავლეთი ვერ გამოაცხადებს სანქციებს, რადგან საქართველოს გავლით თურმე მნიშვნელოვანი ტვირთების გადაზიდვა ხდება… ვინაიდან ამ პროფესორს დიდი ხანია ვიცნობ და კოლეგიალური დამოკიდებულებაც მაქვს, მის გვარს არ დავასახელებ, იმედნად ბავშვური მსჯელობაა და თან, ხსენებული პროფესორი, სანამ „ქოცობა“ არ დაუპირისპირდა ამერიკას, მანამ იმავე მასმედიაში ლამის ამერიკის ჰიმნს მღეროდა და რუსეთს „აცამტვერებდა“.

ეს არ არის ცალკეული შემთხვევები, ეს არის ჩვენი ეროვნული ფსიქოლოგიის დეფექტი, რომელიც სერიოზულ პრობლემას გვიქმნის ისევ და ისევ ჩვენ, ქართველებს.

 

გულბაათ რცხილაძე