საპროგნოზო მონაცემებით, ევროპარლამენტში ყველაზე დიდი ჯგუფი იქნება „ევროპის სახალხო პარტია“, რომელმაც 184 მანდატი მოიპოვა

ევროკავშირის 27 ქვეყანაში 185-მა მილიონმა ამომრჩეველმა ევროპარლამენტის ახალი შემადგენლობა აირჩია. პროგნოზების და ეროვნულ დონეზე გამოთვლების საფუძველზე, ევროპარლამენტში ყველაზე დიდი ჯგუფი მემარჯვენე-ცენტრისტული „ევროპის სახალხო პარტია“ იქნება, რომელსაც 720-ადგილიან საკანონმდებლო ორგანოში 184 მანდატი ექნება. „ევროპის სახალხო პარტიას“ 2019 წლის არჩევნებთან შედარებით, ევროპარლამენტში რვა მანდატით მეტი ექნება. აღნიშნული ჯგუფის შემადგენლობაში შედიან ისეთი პარტიები, როგორიცაა „გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“, საფრანგეთის „რესპუბლიკელები“, იტალიის „იტალია, წინ“ და სხვა.

არსებული მონაცემებით, მემარცხენე-ცენტრისტული „სოციალისტები და დემოკრატების“ ჯგუფი ევროპარლამენტში 139 ადგილით იქნება წარმოდგენილი და ეს არის ზუსტად იგივე შედეგი, რაც აღნიშნულმა ჯგუფმა 2019 წლის არჩევნებზე აჩვენა. ამ ჯგუფში შედიან პარტიები: „გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია“, საფრანგეთის „რენესანსი“, ესპანეთის „სოციალისტური მუშათა პარტია“ და სხვა.

პოზიციები მნიშვნელოვნად შეუსუსტდა ლიბერალურ ჯგუფს „განაახლე ევროპა“, რომელსაც 23 მანდატით ნაკლები ექნება, საერთო ჯამში კი, ევროპარლამენტში 79 ადგილს მიიღებს. ამ ჯგუფში გაწევრიანებული არიან შემდეგი პარტიები: გერმანიის „თავისუფალი დემოკრატები“, საფრანგეთის „დემოკრატიული მოძრაობა“ და სხვა.

მანდატების რაოდენობა ოთხით გაეზარდათ ევროპარლამენტში „კონსერვატორების და რეფორმისტების“ ჯგუფს, რომელსაც ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოში 73 მანდატი ექნება. ამ ჯგუფში შედიან პარტიები: იტალიის „იტალიის ძმები“, პოლონეთის „კანონი და სამართლიანობა“, ესპანეთის „ვოქსი“ და სხვა.

პოზიციები გაიუმჯობესა მემარჯვენე ჯგუფმა, „იდენტობა და დემოკრატია“, რომელმაც 2019 წლის არჩევნებთან შედარებით, ცხრა მანდატით მეტი მიიღო და ევროპარლამენტში 58 მანდატით იქნება წარმოდგენილი. ამ ჯგუფის წევრები არიან: საფრანგეთის „ეროვნული გაერთიანება“, გერმანიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“, იტალიის „ლიგა“ და სხვა.

წინა არჩევნებთან შედარებით რეიტინგი დაკარგა „მწვანეების“ ჯგუფმა, რომელსაც 19 მანდატით ნაკლები ექნება და ევროპარლამენტში 52 მანდატი ექნება. 2019 წლის არჩევნებთან შედარებით, ერთი ადგილი დაკარგა „მემარცხენეების“ ჯგუფმა და 36 ადგილი ექნება.

აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტში 37 მანდატით მეტით იქნებიან წარმოდგენილი ევროპარლამენტში ე.წ. მიუმხრობლები, რომლებიც ევროპარლამენტში არცერთ პოლიტიკურ ჯგუფთან არ არიან დაკავშირებული. „მიუმხრობლებს“ ახალ ევროპარლამენტში 99 ადგილი ექნებათ.

როგორც მედია წერს, შედეგები აჩვენებს, რომ ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს აქვს კარგი შესაძლებლობა თანამდებობაზე დარჩენისთვის, მაგრამ ეს საბოლოოდ გარკვეული არ არის. ევროკავშირის ეროვნული ლიდერების მხარდაჭერას თუ მოიპოვებს, მას პარლამენტის დასტური დასჭირდება.

2019 წელს, ურსულა ფონ დერ ლაიენი „ევროპის სახალხო პარტიის“, „სოციალისტები და დემოკრატების“ და „განაახლე ევროპის“ ხმებით აირჩიეს. იმავე კოალიციას მისთვის კიდევ ერთი მანდატის მინიჭება შეუძლია. ბოლოს, ხუთი წლის წინ, როცა მან პარლამენტს მხარდაჭერა სთხოვა, თეორიულად შეეძლო სამი ცენტრისტული ჯგუფის წევრი 440 დეპუტატის მხარდაჭერა მიეღო, მაგრამ მხოლოდ 383 ხმა მიიღო. ამჯერად სამი ჯგუფი 720 მანდატიდან დაახლოებით 400-ს მიიღებს. ეს საკმარისი უნდა იყოს, თუ მათი ყველა წევრი ხმას მისცემს ურსულა ფონ დერ ლაიენს, მაგრამ ეს ჯერჯერობით გაურკვეველია, რადგან „ევროპის სახალხო პარტიის“ ზოგიერთმა პარტიამაც კი განაცხადა, რომ მას მხარს არ დაუჭერს. ევროკავშირის საბჭოს წარდგენის შემთხვევაში, ურსულა ფონ დერ ლაიენს ევროპარლამენტში 361 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება.