პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ განაცხადა, რომ მოკავშირეებმა ოფიციალურად უნდა მოიწვიონ უკრაინა ნატოში, თუმცა ის შეიძლება გახდეს სრულუფლებიანი წევრი მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ. ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა რიგაში, „ბუქარესტის ცხრიანის“ სამიტზე განაცხადა.
„მხარს ვუჭერთ უკრაინის გაწევრიანებას ევროკავშირში, მაგრამ პოლონეთი ასევე მხარს უჭერს ნატოში უკრაინის გაწევრიანების პროცესის რაც შეიძლება მალე დაწყებას. ეს პროცესი უკრაინისთვის ოფიციალური მიწვევის გაგზავნით უნდა დაიწყოს, რაც რატიფიკაციის დაწყების შესაძლებლობას გააჩენს. ცხადია, ომის დასრულებამდე ნატოში უკრაინის გაწევრიანება არ მოხერხდება, მაგრამ პროცესი უნდა დაიწყოს“, – აცხადებს დუდა.
შეგახსენებთ, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ნატოს სამიტმა ვაშინგტონში ივლისში უნდა უზრუნველყოს ხიდის აშენება უკრაინის ალიანსში წევრობისთვის.