„ოცნება” პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მწვავედ აკრიტიკებს, 11 ივნისს ახალგაზრდებთან შეხვედრისას წარმოთქმული ფრაზის გამო, სადაც ზურაბიშვილმა მეორე ვადით საპრეზიდენტო კანდიდატობა არ გამორიცხა. ზურაბიშვილი კვლავ არაა წინააღმდეგი, რომ მმართველი პარტია „ქართულ ქარტიას” შუერთდეს, თუმცა როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ეს წინადადება თავის არსში უპერსპექტივოა და წინააღმდეგობაში მოდის მისივე ნათქვამთან – „ჩვენ ვემზადებით გამარჯვებისთვის”.
ანალიტიკოსები კითხვას სვამენ, თუ ქარტიას „ოცნებაც” შეუერთდა, „მაშინ ვისზე უნდა გაიმარჯვოს პრეზიდენტმა?”. მათივე შეფასებით, ზურაბიშვილი ცდილობს წარმოაჩინოს, რომ ის ზეპარტიულია.
რაც შეეხება ზურაბიშვილის შანსებს მეორე ვადაზე, ანალიტიკოსთა აზრი ორიად იყოფა, ნაწილი ფიქრობს, რომ თუ ოპოზიციამ გაიმარჯვა ოქტომბერში, შანსი აქვს, ნაწილი კი ამბობს, რომ ამ შემთხვევაშიც შეიძლება მოწინააღმდეგეებიც ჰყავდეს ზურაბიშვილს, რადგან თავად ოპოზიცია ლიდერების ნაკლებობას არ განიცდის.
აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი უქმდება და მას საარჩევნო კოლეგია აირჩევს, რომლის შემადგენლობაშიც შედის 300 ხმოსანი, მათ შორის საქართველოს პარლამენტის, ადგილობრივი ხელისუფლების და ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების წარმომადგენლები.
პრეზიდენტის გამოსვლას ოპოზიცია დადებითად აფასებს და თუ ზურაბიშვილი კვლავ იქნება საპრეზიდენტო კანდიდატი, მიესალმებიან. პარტიების ნაწილი კი ამბობს, რომ მათგან პრეზიდენტს „აქვს სრული მხარდაჭერა იმ საქმეებში, რასაც აკეთებს”.
თავად პრეზიდენტმა ახალგაზრდებთან შეკრებაზე რამდენიმე გზავნილი გააჟღერა, ამბობს, რომ ოქტომბრის არჩევნები არის ეგზისტენციალური არჩევანი „რომ გადავარჩინოთ საქართველოს ევროპული მომავალი”. მან ახალგაზრდებს მადლობა გადაუხადა და დასძინა, რომ ქართველმა ხალხმა მსოფლიოს დაანახა, რომ საქართველოს მხოლოდ ევროპული მომავალი აქვს.
„ჩვენ ვემზადებით გამარჯვებისთვის”,- ამბობს ზურაბიშვილი და დასძენს, რომ არჩევნებში მთავარი გამარჯვების იმედი არის მობილიზაცია. ამასთან, პრეზიდენტის თქმით, ის მზად არის დაეხმაროს ახალგაზრდებს ხმების დაცვაში, მათ შორის იმაში, რომ თუ იქნება საინიციატივო ჯგუფები, რომლებსაც ტრენინგებზე დახმარება დასჭირდება, პრეზიდენტის ადმინისტრაცია საკოორდინაციო როლს იკისრებს და დაეხმარება.
რა გამოხმაურება ჰქონდა პრეზიდენტის გზავნილებს
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ძალიან ბედნიერი და ამაყი იქნება, თუ საპრეზიდენტო არჩევნებზე მის კანდიდატურას ახალგაზრდების მხარდაჭერა ექნება.
„მე არაერთხელ ნათქვამი მაქვს და კიდევ გავიმეორებ, რომ მე იქ ვიქნები, სადაც საჭირო ვიქნები. სადაც საჭირო ვიქნები იმისათვის, რომ ჩვენ მივიყვანოთ ეს საქმე ბოლომდე. ჩემთვის საქმის ბოლომდე მიყვანა არის ერთი მხრივ, ჯერ გამარჯვება [საპარლამენტო]არჩევნებში და შემდეგ „ქართული ქარტიის” შესრულება ძალიან მოკლე დროში იმის მიუხედავად, რომ ვიღაც შეიძლება ამბობდეს – „ამას დიდი დრო უნდა”. გადამოწმებულია და არ უნდა დიდი დრო, ეს უნდა შევძლოთ.
„მე მინდა ვიყო ის ადამიანი, რომელიც დაიცავს ამ შედეგს, მიიტანს ბრიუსელამდე და მიიღებს დასტურს, რომ ჩვენ გაგვიხსნიან მოლაპარაკებებს, ეს იქნება პრეზიდენტის როლში, თუ სხვა როლში მომავალი გვიჩვენებს, მე ყველაფრისთვის მზად ვარ და ვიქნები. თუ ვიქნები თქვენი [საპრეზიდენტო] კანდიდატი, ძალიან ბედნიერი და ამაყი ვიქნები”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილი პრემიერ ირაკლი კობახიძეს აკრიტიკებს, რომ 26 მაისს პრემიერ-მინისტრის მიმართ პრეზიდენტისთვის მოღალატის წოდება „ქართული ჯარის არნახული შეურაცხყოფა იყო”. თუმცა ამავე დროს პრეზიდენტი „ქარტიაზე” ხელმოწერასაც სთავაზობს.
„ვერავინ იტყვის ხვალ პუტინი რას გააკეთებს და რას არ გააკეთებს. ერთადერთი ომის პარტია, რაც ჩვენ ვიცით, ეს არის რუსეთი. ძალიან მიხარია, რომ დღეს ჩვენი პრემიერი, რომელიც ბერლინში იმყოფება, როგორც ჩანს, აღარ საუბრობს დასავლეთზე როგორც ომის პარტიაზე, უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა, შეიძლება ფერისცვალება მოხდა, არ ვიცი. თუ ეს ასე არის, მე ვულოცავ მას და გავიმეორებ იმას, რომ “ქართული ქარტია” ღია არის ყველასთვის, ვინც არის პროევროპული. თუ მოხდა ფერისცვალება, შემოგვიერთდეს და ხელი მოაწეროს”,- განაცხადა ზურაბიშვილმა.
ქალბატონი სალომე თუ იქნება საპრეზიდენტო კანდიდატი, მისასალმებელი ფაქტი იქნება – ჩვენგან მას აქვს სრული მხარდაჭერა იმ საქმეებში, რასაც ჩვენი ქვეყნის მომავლის უზრუნველყოფისთვის აკეთებს, – ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა საქართველოს პრეზიდენტის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.მისი თქმით, პარტია “გახარია საქართველოსთვის” “ქართულ ქარტიაში” აღნიშნული რეფორმების გეგმას სრულად იზიარებს.
“მე ერთი რამ შემიძლია გითხრათ, როდესაც მეკითხებით ქალბატონი სალომეს პრეზიდენტობასთან დაკავშირებით – ეს მისასალმებელი ფაქტი იქნება, მაგრამ ვისი კანდიდატი იქნება და ა.შ. ინფორმაცია არ მაქვს და ვერ გეტყვით.
„ჩვეულებრივი არჩევნები ნამდვილად არ არის. ამ არჩევნებზე ყველაზე მნიშვნელოვანი არის არა მაინცდამაინც ტექნიკური გაერთიანება ყველასი ერთად, არამედ მნიშვნელოვანი არის სწორი, პრაგმატული მუშაობა, რომ საბოლოო ჯამში, ჩვენ მივაღწიოთ არჩევნებში ორ რამეს – პირველი: დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ხმები და მეორე: ერთპიროვნული მმართველობა დავასრულოთ,” – განაცხადა დაუშვილმა.
როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა პრეზიდენტის განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა, “ის ფაქტი, რომ შეიძლება პრეზიდენტმა რაღაცა რაოდენობის ადამიანები, ამა თუ იმ ფორმატში შეკრიბოს, ვერ გამოხატავს მთლიანად ამ ქვეყნის უმრავლესობის სულისკვეთებას”.
“მე ვიტყოდი, რომ პრეზიდენტის ახალგაზრდებთან შეხვედრა უფრო მეტად გაგრძელება იყო იმ საპროტესტო რადიკალური აქციების, რომელმაც სრულიად დაკარგა თავისი მუხტი და ამიტომ სადღაც უნდა გადასულიყო. ამიტომ პრეზიდენტმა უმასპინძლა დიდწილად ალბათ, იმ აქტივისტებს, რომლებიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საკმაოდ დესტრუქციულ როლს თამაშობდნენ ამ პროცესებში. პრეზიდენტი, რომელიც ოპოზიციის მხრიდან უკიდურესი ფორმებით იყო შეფასებული, ახლა წარმოადგენდეს იგივე ოპოზიციას, გვაჩვენებს თავისი ამორალურობის და გარკვეულწილად, უპრინციპობის ნათელ მაგალითს.
„ჩემთვის ნამდვილად გასაკვირი იქნება ახალგაზრდების მხარდაჭერა, ან ვინმემ თუ შეიძლება მხარი დაუჭიროს, უპრინციპო და საკუთარი ქვეყნის მტრობაში არა ერთხელ შემჩნეულ პრეზიდენტს, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა ადამიანი საკუთარ არჩევანს აკეთებს ახალგაზრდა იქნება, თუ სხვა ასაკის წარმომადგენელი. ის ფაქტი, რომ შეიძლება პრეზიდენტმა რაღაცა რაოდენობის ადამიანები ამა თუ იმ ფორმატში შეკრიბოს, ვერ გამოხატავს მთლიანად ამ ქვეყნის უმრავლესობის სულისკვეთებას. სულისკვეთება ნათელია. დარწმუნებული ვარ, ქვეყნისთვის და ჩვენი ამომრჩევლისთვის მიუღებელია ყველა ის ადამიანი, ვინც ქვეყნის საწინააღმდეგო მოქმედებებს აკეთებს,” – განაცხადა წილოსანმა.