ძალთა გადაჯგუფება საარჩევნოდ – როგორ გამოიყენებენ პარტიები ზაფხულს

აქტიური პოლიტიკისთვის ზაფხული არც თუ ხელსაყრელი პერიოდია, თუმცა, როგორც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, გადამწყვეტ არჩევნებამდე ზუსტად საკმარისი დროა, ქარტიაზე ხელმომწერმა პარტიებმა ეს პერიოდი უნდა გამოიყენონ და კამპანია უკვე უნდა დაიწყონ. თავის მხრივ გაზაფხულის 100-დღიანი კამპანია „ოცნებამ” უკვე დაასრულა, რომელიც ათ რეგიონში ათ გასვლით შეხვედრას გულისხმობს.

ანალიტიკოსთა შეფასებით, კარგი იქნება თუ ცხელ სეზონს ოპოზიცია ძალების კონსოლიდაციისთვის გამოიყენებს, რადგან აგვისტოს ბოლოსთვის არჩევნებამდე 60 დღით ადრე, როცა საარჩევნო რეგისტრაცია უნდა დაიწყოს, გარკვეული მონახაზი ჩანდეს ამომრჩევნებისთვის თუ როგორ და რა ფორმით აპირებენ პარტიები არჩევნებში მონაწილეობას. ანალიტიკოსთა აზრით, ამ მხრივ „ოცნებას” ყველაფერი მომზადებული აქვს.

საარჩევნო კამპანია უკვე დაიწყო ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას გუნდმა, პარტიას რეგიონებში გასვლითი შეხვედრები აქვს, გახარია ამბობს, რომ არჩევნებში დამოუკიდებლად აპირებენ გასვლას.

„2024 წლის არჩევნები იქნება არამხოლოდ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების ყურადღების ცენტრში, არამედ მას დააკვირდება მთელი საერთაშორისო საზოგადოება. ამ არჩევნებს უაღრესად დიდი მნიშვნელობა ექნება ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული და ევროპული განვითარებისთვის.

„ჩვენ ერთადერთი პოლიტიკური პარტია ვართ, რომელმაც უკვე დიდი ხანია განაცხადა, რომ დამოუკიდებლად ვგეგმავთ არჩევნებში მონაწილეობას და კამპანიის ჩატარებას. ჩვენ დღეს ამ პოზიციაზე ვართ, მიუხედავად იმისა, რომ სხვა ყველა ხან ერთიანდება, ხან იშლება, იქმნება სხვადასხვა ფორმატები, პლატფორმები. ცხადია, ჩვენ ამის წინააღმდეგი არა ვართ, ადამიანებს და პოლიტიკურ ძალებს აქვთ უფლება, თავად მიიღონ გადაწყვეტილები. მაგრამ ამ ეტაპზე, ჩვენ დამოუკიდებლად განვაგრძობთ ჩვენს საარჩევნო კამპანიას”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კი ამბობს, რომ საკმარისი მომზადების დროა.

“არჩევნები ეს არის ძალიან დიდი ბედი ჩვენთვის, შანსი, არჩევნები ახლავე ჩვენს კარზე დგას და ამ არჩევნებისთვის ზუსტად საკმარისი მომზადების დრო გვაქვს, გაქვთ, გვაქვს ერთად.

„ჩვენ უნდა დავიწყოთ კამპანია, ხალხს გავაგებინოთ, რომ ეს არჩევნები არჩევნები კი არა, ეგზისტენციალური არჩევანია, სადაც უნდა ვთქვათ ერთხელ და სამუდამოდ, რასაც საქართველო ამბობს არა მხოლოდ 30 წელია, არამედ რასაც საქართველო ამბობდა სულ მუდამ, რაც იყო სახელმწიფო, რომ ეს ღირებულებები, რაც არის ევროპული ღირებულებები არის მისი ღირებულებები, რომ არ შეიძლება, ეს ღირებულებები ვინმემ შეუცვალოს გარედან”,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

დიდი ალბათობით, რეჟიმი ასე ამაზრზენად მოქცევას გააგრძელებს ან კიდევ უფრო ამაზრზენად მოიქცევა, მაგრამ ეს მხოლოდ იმის დასტურია, რომ ისინი შეშინებულები არიან, მეტიც, ასეთი სუსტები არასდროს ყოფილან.

„ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია კი აცხადებს, რომ პროტესტი არჩევნებამდე უნდა გაგრძელდეს.

„სწორედ იმის გამო, რომ ასე ეშინიათ, პროტესტი და რეჟიმის რყევა უნდა გაგრძელდეს. რეჟიმის ძალაუფლების ვერტიკალში მყოფი ადამიანები ეტაპობრივად უნდა შეეგუონ, რომ ძალაუფლებას დაკარგავენ. ეს ატმოსფერო არჩევნების დღემდე უნდა შევინარჩუნოთ და 26 ოქტომბერს, მთელ ქვეყანაში (მათ შორის საარჩევნო უბნებსა და უბნებს გარეთ) ის ატმოსფერო უნდა იყოს, რაც უზარმაზარი საპროტესტო აქციების დროს ვიხილეთ.

„პარალელურად კი, პირველ რიგში, პოლიტიკურმა ჯგუფებმა და ამავე დროს მოქალაქეებმა ერთმანეთი უნდა „ვიპოვოთ”, უნდა შევძლოთ საპროტესტო მუხტის პოლიტიკური ცვლილებების მხარდაჭერაში გარდაქმნა” , – აცხადებს ბოკერია.

„ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა კი განაცხადა, რომ მთავარი ამოცანა ოპოზიციის მხრიდან კონფიგურაციის მოძებნაა, რადგან არჩევნებზე, რაც შეიძლება მეტი ადამიანი მივიდეს.

„თუ გავითვალისწინებთ ამ მიმართულებით დღეს რა ვითარებაცაა, სოციოლოგიურად და არითმეტიკულადაც, არ ვფიქრობთ, რომ საერთო სიის იდეაა საუკეთესოა. ჯერ ერთი, ვითარებიდან გამომდინარე ეს რეალისტური არაა და თან არც იძლევა იმის გარანტიას, რომ ყველა ამომრჩეველი ამ სიას მისცემს ხმას.

„პირიქით, ჩვენ მიგვაჩნია, რომ უმჯობესი იქნება, იარსებოს პრინციპებისა და იდეების გარშემო გაერთიანებულმა რამდენიმე ჯგუფმა, სადაც არ დაიკარგება არავის არჩევანი და გარანტირებულად მეტი ადამიანი მისცემს ოპოზიციას ხმას”, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

ქართული ოცნების” დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ კი განაცხადა, რომ „რადიკალური ოპოზიციის ერთ ჯგუფში გაერთიანება, ევროპული პოლიტიკური კულტურის წინააღმდეგ სვლაა”.

“რადიკალური ოპოზიციის გაერთიანება ერთ ჯგუფში, რომელსაც აღარც განსხვავებული პროგრამა ექნებათ, აღარც განსხვავებული ლიდერები უხელმძღვანელებენ, ალბათ, ნომერსაც ერთს შეარჩევენ, რა თქმა უნდა, ეს არის სვლა ევროპული პოლიტიკური კულტურის წინააღმდეგ. რეფორმები, რომელიც საქართველომ ბოლო წლებში გაატარა, თავისთავად გულისხმობს, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ მეტი არჩევანი, მათ შორის, ოპოზიციამ როგორმე შეძლოს ახალი პროგრამების და ახალი ლიდერების შეთავაზება.

„ზუსტად ამის საწინააღმდეგოა ის გზავნილი და ის მიმართულება, რასაც ქალბატონი ზურაბიშვილი სთავაზობს საზოგადოებას. ყველა ოპოზიციური პარტიის ერთიან ჯგუფში შეყვანა, რაღაც ფრონტის, ბანაკის ჩამოყალიბება თავისთავად ეწინააღმდეგება ევროპული დემოკრატიის პრინციპებს. ამიტომ ეს არის კიდევ ერთხელ მცდელობა, რომ არჩევანი წაართვან მოქალაქეებს. არ ვიცი, რამდენად დაეთანხმებიან ამას პარტიები,” – განაცხადა თალაკვაძემ.