თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ოფიციალური ვიზიტით ესპანეთში, სამთავრობათაშორისო სამიტზე იმყოფება.
ერდოღანის განცხადებით, სამთავრობათაშორისო სამიტი ძირითადად ეკონომიკაზე, ვაჭრობასა და ინვესტიციებზე იქნება ფოკუსირებული.
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სამიტზე კიდევ ერთხელ ისაუბრა თურქეთის მისწრაფებაზე, გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი და წუხილი გამოთქვა, რომ ზოგიერთი წევრი თურქეთის ამ გულწრფელ ნაბიჯებს ხელს უშლის.
„ჩვენი გულწრფელი მცდელობის მიუხედავად, ევროკავშირის ზოგიერთი წევრი, რომლებიც მხოლოდ საკუთარ ინტერესებს ითვალისწინებენ, ვერ აცნობიერებენ იმ დამატებით ღირებულებას, რომელსაც თურქეთი მოუტანს გაერთიანებას“, – განაცხადა ერდოღანმა.
ერდოღანმა ასევე შეშფოთება გამოხატა „არჩევნების გავლენისა და ევროპაში ულტრამემარჯვენე პოლიტიკის აღზევების გამო“.
„ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები და ევროპაში ულტრამემარჯვენე პოლიტიკის აღზევება უდავოდ ამწვავებს ამ აზროვნებას“, – აღნიშნა ერდოღანმა.